ცხოველთა იდენტიფიკაციის სისტემის საინფორმაციო კამპანია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარეობს

ცხოველთა იდენტიფიკაციის სისტემის საინფორმაციო კამპანია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარეობს

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ვეტერინარები, სასაკლაოს მფლობელები და ფერმერები საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ეცნობიან ინფორმაციას ცხოველთა რეგისტრაციის სისტემისა (NAITS) და იმ ახალი რეგულაციის შესახებ, რომლის თანახმადაც სასაკლაოები 2018 წლის პირველი იანვრიდან ვეღარ მოემსახურებიან არა იდენტიფიცირებულ საქონელს.

7-9 აგვისტოს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) ჩართულობითა და შვეიცარიისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოების ფინანსური მხარდაჭერით, დაინტერესებულ მხარეებს მიეწოდათ დაწვრილებითი ინფორმაცია ახალი რეგულაციის შესახებ, რომლის თანახმადაც პირუტყვის სასაკლაოზე დასაკლავად სავალდებულოა ცხოველი იდენტიფიცირებული იყოს საყურე ნიშნით.
იდენტიფიცირებულია საქონელი, რომელსაც ერთ ან ორივე ყურზე დამაგრებული აქვს შესაბამისი საყურე ნიშანი. (2014 წლამდე იდენტიფიცირებული საქონლისთვის დასაშვებია ცალი საყურე ნიშანი, ხოლო 2014-დან ორი საყურე) 2014 წლამდე იდენტიფიცირებული საქონლის საყურე ნიშანზე განთავსებულია შვიდ ნიშნა უნიკალური კოდი, ხოლო 2014 წლის შემდგომი პერიოდისთვის საიდენტიფიკაციო ნომერი რვა ნიშნიანია. საყურე ნიშნები, ერთი მხრივ იძლევა ცხოველთა იდენტიფიკაციის საშუალებას, ხოლო მეორე მხრივ, იგი ინახავს ინფორმაციას, საქონლისთვის ჩატარებული ვაქცინაციის შესახებაც.


FAO-ს პროექტის, ცხოველთა იდენტიფიკაციის ეროვნული სისტემის (NAITS) ცხოველთა ჯანმრთელობის სპეციალისტის ალექსანდრე ქაშიაშვილის განმარტებით, რეგულაცია, რომელიც ძალაში 1 იანვრიდან შევა, ხელს შეუწყობს ცხოველთა მიკვლევადობას და ხორცპროდუქტების ხარისხის ზრდას.
„ახალი რეგულაცია, გააუმჯობესებს ცხოველთა მიკვლევადობას და ხორც პროდუქტების ხარისხს, რითაც, კიდევ უფრო შემცირდება ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებების რისკი და გაუმჯობესდება, მომხმარებელთა უფლებები“ — განაცხადა ალექსანდრე ქაშიაშვილმა.
შეხვედრის ფარგლებშივე FAO-ს და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინეს რეგისტრაცია — იდენტიფიკაციის ახალი, გაუმჯობესებული სისტემის სამოქმედო გეგმაც, რომლის მიხედვითაც გაგრძელდება მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის საყურე ნიშნებით იდენტიფიცირება; გაუმჯობესდება და დაიხვეწება მონაცემთა ელექტრონული ბაზა, რომელითაც შესაძლებელი იქნება ცხოველის შესახებ ინფორმაციის მოძიება, დროის უმოკლეს პერიოდში.
სამცხე-ჯავახეთი, რიგით მესამე რეგიონია სადაც საინფორმაციო შეხვედრები იმართება, ივლისის თვეში, კახეთისა და ქართლის რეგიონში სულ 8 შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ჯამში 200-მდე ადამიანი დაესწრო. აგვისტოს თვეში, შეხვედრები გაგრძელდება, იმერეთში, რაჭასა და სამეგრელოში.
NAITS პროექტის განხორციელებისათვის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტომ (ADC) ჯამში 5 მილიონი დოლარი გამოყო.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ნინო თოფურიძე — გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) — NAITS პროგრამის კომუნიკაციების ოფიცერი;
ტელ: 599 468 999;
ელ. მისამართი: nino.topuridze@fao.org