აღმოსავლეთ პარტნიორობის მეხუთე სამიტი დასრულებულია

აღმოსავლეთ პარტნიორობის მეხუთე სამიტი დასრულებულია

24 ნოემბერს, ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის მეხუთე სამიტი გაიმართა.
ევროკავშირმა 2020 წლისთვის 20 შედეგის მიღწევა დაისახა მიზნად და ამ კონკრეტული მიზნების განხორციელებისთვის საჭირო ნაბიჯებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანასთან ერთად იმსჯელა. სამიტზე ევროკავშირის 28 წევრსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსია, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრეს. აღნიშნული 20 მიზანი სწორედ მოქალაქეთა კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და მათთვის ხელშესახები სარგებლის მიცემას ემსახურება.
სამიტის დასასრულს მხარეებმა ერთობლივი დეკლარაციაც მიიღეს, სადაც ევროკავშირმა ოთხი ძირითადი მიმართულების გაუმჯობესებასა და ამ კუთხით პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებას დაუჭირა მხარი. ესენია ძლიერი ეკონომიკა, ძლიერი მმართველობა, ძლიერი კავშირები და ძლიერი საზოგადოება.
აღნიშნული მიმართულებების მხარდასაჭერად უკვე წლებია ბევრი კეთდება. ძლიერი ეკონომიკის ხელშეწყობისთვის, მაგალითად, 2009 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა 1.5 მილიარდი ევროს მხარდაჭერა გაუწია მცირე და საშუალო საწარმოებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. შედეგად, შეიქმნა 10,000 ახალი სამუშაო ადგილი, გაიცა 100,000-ზე მეტი სესხი საწარმოებისთვის და დატრენინგდა 20,000 ადამიანი. სამომავლოდ კვლავ იგეგმება სესხების გაცემა მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ადგილობრივ ვალუტაში, ამისთვის გამოიყოფა 100 მილიონი ევრო, გაიზრდება ვაჭრობის მაჩვენებლები და სხვა სიკეთეები.
კარგი მმართველობის ხელშესაწყობად კი, 2014 წლის შემდეგ ევროკავშირმა სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად 95 მილიონი ევრო გამოყო, რაც 600-ზე მეტ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციასა და სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამის დაწყებას მოხმარდა. სამომავლოდ, 170 მილიონი ევრო გამოიყოფა მმართველობის გაუმჯობესების მხარდასაჭერად ადგილობრივი სოციალური ინოვაციების ტენდენციებზე ადეკვატური რეაგირების საშუალებით, რაც მოიცავს ქვე-გრანტების უფრო რაციონალურ გამოყენებას და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინსტიტუციურ მხარდაჭერას. შედეგად, ხელი შეეწყობა აქტიურ მოქალაქეობას, ადგილობრივი რესურსების მობილიზაციას, სახელმწიფო სექტორის ანგარიშვალდებულების გაძლიერებას, ახალგაზრდა ლიდერების აღზრდასა და სხვ.
ეს იმ შედეგებისა და სამომავლო გეგმების სულ მცირე ჩამონათვალია, რასაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველო დანარჩენ 5 ქვეყანასთან ერთად მიიღებს და განახორციელებს.
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სამიტზე ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნების ლიდერებმა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და წარმატება ერთხმად აღნიშნეს.
„ჩვენ ახლა გადასადგმელი გვაქვს შემდეგი, გაცილებით ამბიციური ნაბიჯები… 2020-თვის წარმოდგენილი გვაქვს ყოვლისმომცველი რეფორმების გეგმა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო წინ წავიწიოთ ევროპისკენ. ჩვენი პარტნიორებისგან არის აბსოლუტური მზადყოფნა, საქართველოს მაქსიმალურად დაეხმარონ ამ პროცესში, რადგან საქართველომ მიაღწია ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას”, — აღნიშნა პრემიერმა სამიტის დასრულების შემდეგ.
„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ წარმოადგენს ერთობლივ ინიციატივას, რომელშიც ჩართულია ევროკავშირი, მისი წევრი სახელმწიფოები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ზემოხსენებული ექვსი ქვეყანა. ამ ინიციატივის მიზანია პარტნიორი ქვეყნების ევროკავშირთან დაახლოვება. ინიციატივა 2009 წელს დაფუძნდა და მის ფარგლებში ბევრი სიკეთე განხორციელდა. მათ შორის, ყველაზე მნინელოვანია საქართველოსთან, მოლდოვის რესპუბლიკასთან და უკრაინასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებების გაფორმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის, ასევე ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ამოქმედება. ამ მიღწევების პირობებში კი საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიიღოს სარგებელი მისთვის საინტერესო მიმართულებით.
დეტალურად 2020 წლისთვის 20 მიზნის შესახებ ეწვიეთ: http://infocenter.gov.ge/1587-20-dzirithadi-shedegi-2020-tslisthvis-aghmosavleth-partniorobis-samiti-mimdinareobs.html
საბოლოო დეკლარაცია ინგლისურ ენაზე იხილეთ აქ.: http://infocenter.gov.ge/1430-joint-declarations-of-eastern-partnership-summits.html