2016 წლის 28 მაისს, თბილისში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წლიური კონფერენცია-გამოფენა გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქ-ნი ლია გიგაური, სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორი ქ-ნი მარინა უშვერიძე და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი ქ-ნი ნინო ბუაჩიძე.
კონფერენციის სტუმრებმა დაათვალიერეს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ხელშეწყობით განხორციელებული პროექტების ამსახველი ფოტოგამოფენა.
ფორუმის მონაწილე, საქართველოს ყველა რეგიონის 400 პედაგოგი სამოქალაქო განათლების სფეროს სიახლეებსა და ინოვაციებს გაეცნო. მათ ასევე, მიიღეს ინფორმაცია მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის და მათთვის საინტერესო სხვა რესურსების შესახებ.
კონფერენციის დასასრულს სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ცერემონიალის მსვლელობისას სამოქალაქო განათლების პედაგოგებს გადაეცათ ფორუმის მიერ დაწესებული საპატიო ჯილდო — მადლობის სიგელი და „სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგის” პრიზი.
სამცხე-ჯავახეთიდან წლის საუკეთესო პედაგოგის ტიტული ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლის პედაგოგს ბერნიკ ჰოვსეფიანმა დაიმსახურა, ასევე წარმატებული პედაგოგის სერთიფიკატი გადაეცა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევის სკოლის პედაგოგს ნანა მაღრაძეს და სპეციალური სერთიფიკატით დაჯილდოვდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ივანე ჯავახიშვილის კერძო სკოლა ლიცეუმის პედაგოგი მაია გულიაშვილი.
კონფერენცია-გამოფენა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში გაიმართა. პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობით. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). სამცხე — ჯავახეთში პარტნიორი ორგანიზაციაა ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი.
ფოტო და სტატია მოგვაწოდა პროექტის სამცხე-ჯავახრთის კოორდინატორმა მზია ინასარიძემ.