სტერეოტიპები და ინტეგრაცია – რა გამოწვევების წინაშე დგებიან სტუდენტები ჯავახეთიდან

სტერეოტიპები და ინტეგრაცია – რა გამოწვევების წინაშე დგებიან სტუდენტები ჯავახეთიდან

არმენუჰი შირინიანმა წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების პროგრამა დაასრულა. ამჟამად იგი მუშაობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში მეორე კატეგორიის სპეციალისტად საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში.

ჟურნალისტიკის არჩევისას არმენუჰი რიგი გამოწვევების წინაშე დადგა. ერთ-ერთი იყო საზოგადოების დამოკიდებულება ამ პროფესიისადმი. „ბევრი მეუბნებოდა, რომ არ ამერჩია ეს პროფესია. ჟურნალისტიკა არ არის გოგოს საქმეო ამბობდნენ. ბევრ სირთულეებს წააწყდებიო.“

ჯავახეთში პროფესიასთან დაკავშირებული ბევრი სტერეოტიპია გავრცელებული. მათ შორისაა ზემოთნახსენები ჟურნალისტიკაც. ხშირად ამბობენ, რომ ჟურნალისტიკა არაა ქალის საქმე, რომ ქალი ვერ გაუმკლავდება ყველა იმ სირთულეს რაც ჟურნალისტს შეიძლება შეხვდეს. მაგალითად, ომის პირობებში ან სხვა კონფლიქტურ სიტუაციებში მუშაობა და ამ ამბების გაშუქება. თუმცა არმენუჰი თვლის, რომ ადვილი პროფესია არ არსებობს. ნებისმიერ შემთხვევაში, ადამიანს თუ უნდა წინსვლა და განვითარება და მას უყვარს საქმე, რომელსაც აკეთებს, სქესს უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს.

პროფესიის შესწავლისას, გარდა სტერეოტიპებისა, არმენუჰი, ჯავახეთში აქტუალურ პრობლემას, სახელმწიფო ენის არცოდნას გადააწყდა. არმენუჰიმ თსუ-ში ჩააბარა 4+1 პროგრამით, სადაც ერთი წელი ქართულ ენაში მომზადების კურსს გადიოდა. „ეს ძალიან კარგი პროგრამაა მათთვის, ვინც არ იცის, ან არასათანადოდ იცის ქართული ენა. სხვადასხვა მკვლევრების აზრით ეს ქართული ენის შესასწავლად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პროგრამაა. თუმცა მასაც აქვს თავისი უარყოფითი მხარეები. მაგალითად, ჩვენს უნივერსიტეტში, მე-7 კორპუსში, სადაც მხოლოდ მოსამზადებელი კურსის სტუდენტები ვიყავით, ქართულად არც კი ვსაუბრობდით, რადგან ძირითადად სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტები ვიყავით.

პირველ სემესტრში სომხები ცალკე ჯგუფში ვიყავით, აზერბაიჯანელები კი ცალკე. მხოლოდ მეორე სემესტრიდან გავერთიანდით ერთ ჯგუფში. ესეც შეიძლება უარყოფით მხარედ ჩაითვალოს, რადგან ჯგუფში მხოლოდ ლექტორებს ვესაუბრებოდით ქართულად. მართალია, გრამატიკულად ყველაფერს ვსწავლობდით კარგად, მაგრამ მისი პრაქტიკაში გამოყენება ძალზედ მნიშვნელოვანია.” – ამბობს არმენუჰი.

ის ფიქრობს, რომ ქართულად საუბარი მხოლოდ ქართველებთან კომუნიკაციის დამყარებით შეიძლება. რამდენად კარგადაც არ უნდა იცოდე გრამატიკა, თუ მას არ იყენებ ცხოვრებაში, საუბარს და საზოგადოებაში ინტეგრაციას ვერ შეძლებ.

„ქართული შეიძლება ითქვას, რომ პირველი კურსიდან ვისწავლე. ჯგუფში ერთადერთი ეთნიკურად სომეხი ვიყავი, ამიტომ ქართველ სტუდენტებთან ურთიერთობა მიწევდა, რამაც კარგი შედეგი დადო.“

არმენუჰის სიტყვებით, ხშირად ხდებოდა, რომ სწავლობდა უნივერსიტეტში მოცემულ მასალას, თუმცა იმის შიშით, რომ შეიძლება, რამე შეშლოდა, არასწორად ეთქვა, არ ჰყვებოდა ნასწავლს. მაგრამ მან მალევე გადაჭრა ეს პრობლემა.

სტუდენტობის პერიოდში არმენუჰი წერდა სტატიებს სხვადასხვა გამოცემებისთვის. გარდა ამისა, უნივერსიტეტში მას ჯგუფთან ერთად ჰქონდა საკუთარი გაზეთი, რომელიც თვეში ერთხელ გამოიცემოდა. ის ძირითადად აშუქებდა და აშუქებს ეთნიკური უმცირესობების საკითხებს. “მე კარგად ვიცნობ იმ პრობლემებს, რომლებსაც ჩვენ, ეთნიკურად სომხები ვაწყდებით, ამიტომ მათი გაჟღერება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია” – ამბობს არმენუჰი.

უფრო დეტალურად სტერეოტიპებზე, ქართული ენისა და ინტეგრაციის პრობლემის შესახებ ჩვენს აუდიო-მასალაში.

Radio NOR · “Не женское это дело – журналистика,” – опыт Арменуи Ширинян