ნინოწმინდის საავადმყოფოში 20 ბავშვი სეზონური ვირუსებისგან მკურნალობს

ნინოწმინდის საავადმყოფოში 20 ბავშვი სეზონური ვირუსებისგან მკურნალობს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სეზონური ვირუსებით დაავადებულთა რაოდენობა ამ თვეში საგრძნობლად გაიზარდა. ამ კვირაში საავადმყოფოში მხოლოდ 20 ბავშვი შევიდა, ერთი და იგივე სიმპტომებით. ეს სიმპტომებია ხველა, ყელის ტკივილი, ფილტვების ანთება და მაღალი სიცხე.

ეს სეზონური ვირუსია თუ კორონავირუსი?

როგორც ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ტიგრან ეღოიანმა გვითხრა, უმეტეს შემთხვევაში ეს არ არის კორონავირუსი. ეს არის სეზონური ვირუსი, რომლის წინააღმდეგაც არსებობს მკურნალობა – ვაქცინა. ვაქცინის გარდა, სიმპტომების გამოვლენისას აუცილებელია სოციალური დისტანციის დაცვა, პერიოდულად დეზინფექციის ჩატარება, კვების კონტროლი და ბევრი სითხის გამოყენება.

ნინოწმინდის საავადმყოფოს მენეჯერის, წოვინარ მანველიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკაში ვირუსით 20 ბავშვი მკურნალობს. ზოგიერთს აღენიშნება მაღალი სიცხე, რომელსაც თან ახლავს ხველა და ყელის ტკივილი, ასევე გულისრევა და ღებინება, ზოგს კი ფილტვების ანთება. „არსებობს ვირუსების წინააღმდეგ ვაქცინები, მაგრამ ადამიანების უმეტესობას არ სურს ვაქცინაცია”, – ამბობს წოვინარ მანველიანი.

პაციენტები ძირითადად არასრულწლოვნები არიან, ამიტომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი პირადი ჰიგიენის დაცვას, ხელების ხშირად დაბანას და ექიმთან დროულად კონსულტაციას გვირჩევს.

აღნიშნულია, რომ სეზონური გრიპის ეს გამოვლინება განსაკუთრებით გააქტიურდა ბოლო ორი წლის განმავლობაში და ხშირად მეორდება გამოჯანმრთელებულ პაციენტებში. ექიმები ამის მიზეზად გრიპის ვირუსის რამდენიმე ტალღას ასახელებენ, რომელიც წელს დაფიქსირდა. ექიმების თქმით, გრიპის ვირუსი, თავისი თვისებებიდან გამომდინარე, სხვა რესპირატორულ ინფექციებს შორის ყველაზე საშიშია და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. გრძელდება 3-5 დღე და ახასიათებს გართულებები. ექიმები ვირუსისგან თავის დასაცავად ერთადერთ საშუალებას ვაქცინაციას უწოდებენ.