ჯავახეთის მთებით შთაგონებული ლექსების ავტორი სოფელ სპასოვკიდან

ჯავახეთის მთებით შთაგონებული ლექსების ავტორი სოფელ სპასოვკიდან

ლევან ვანაძე უკვე 30 წელზე მეტია, რაც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკაში ცხოვრობს. იგი ოჯახთან ერთად აჭარის რეგიონის ხულოს მუნიციპალიტეტიდან მიწის ეროზიის გამო გადმოვიდა ნინოწმინდაში საცხოვრებლად.

ნინოწმინდაში ვანაძეები სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულნი. როგორც ლევანი ამბობს, აქ სოფლის მეურნეობის სფერო უფრო ადვილია, ვიდრე ხულოში. “ისტორიულად ეს სასოფლო სამეურნეო მხარეა. ბევრი რამ ვისწავლე სომეხი ხალხისგან. ისინიც მშრომელი ხალხია და ჩვენც, ამიტომ ყოველთვის გვიხარია ერთმანეთთან შეხვედრა და ერთმანეთის თანადგომა.”

“ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს აქ მცხოვრებ ხალხზე, რადგან ისინი უზარმაზარ მატერიალურ დოვლათს ქმნიან სახელმწიფოსთვის. მეცხოველეობისა და მემცენარეობის წვლილი ამ რეგიონიდან, ჩვენი ჯავახეთიდან ძალიან დიდია, ამიტომ საჭიროა ამის განვითარების ხელშეწყობა.”

სოფელი სპასოვკა

ჯავახეთის მთებმა ლევანი შთააგონა, რომ ლექსი დაეწერა. ორი წელი მას პირუტყვი საძოვრად ცალკე გაჰყავდა. ივნისის თვე იყო. “ერთხელ, როცა მთებში ვიყავი, დავაკვირდი და მივხვდი, თუ რაოდენ ლამაზია აქაური ბუნება. სწორედ ეს იყოს მოტივაცია იმისა, რომ ლექსი დამეწერა.” – ჰყვება ის.

ავტორს სურს, რომ ლექსების კრებული გამოსცეს. ამჟამად ის საკუთარ Facebook-ის გვერდზე აქვეყნებს დაწერილ ლექსებს. წარმოგიდგენთ ლევან ვანაძის ერთ-ერთ ლექსს.

“სიცოცხლე წვიმა ყოფილა”

პურის საჭმელად დავსხდებით,
უფლის სახელით დავიწყებთ
მშვიდობას ვლოცავთ ამქვეყნად
მერე სამშობლოს ვადიდებთ.

სამშობლოს ვლოცავთ, მის მთაბარს
მუზა ნელ-ნელა გულს მოგვდის.
ვიხსენებთ მშობლებს, წინაპრებს,
თვალებზე ცრემლი გადმოგვდის.

სიცოცხლე წვიმა ყიფილა,
ჩვენაც ცვარნამად მოვედით
ვინც გვიყვარს იმქვეყნად მიდის,
მათ ფიქრში ჩვენ აქ ვბერდებით.

ვლოცავთ შვილებს და მომავლებს,
სიცოცხლე ქვეყნად გრძელდება
მათი სული და სახელი
შვილთაშვილებში ცოცხლდება.

საოცარია სამყარო!
სიცოცხლე ქვეყნად ტრიალებს,
წვიმა ღრუბლებად იქცევა
და ისევ ცაში ფრიალებს.

როდესაც ოჯახი ნინოწმინდაში გადმოვიდა, ხალხთან კომუნიკაცია უჭირდათ. მათ არ ჰქონდათ რაიმე საერთო ენა საკომუნიკაციოდ. ქართველების დიდმა ნაწილმა რუსული არ იცოდა, მაგრამ იყვნენ სომხები, რომლებიც ფლობდნენ ქართულ ენას. კომუნიკაცია აეწყო. პატარა დასახლებაში მცხოვრები ორი ეთნოსი თანდათან ერთმანეთის ენას სწავლობდნენ. ახლა ისინი ერთად აღნიშნავენ სხვადასხვა დღესასწაულსაც და მჭიდროდაც მეგობრობენ.

მწერალმა ლექსიც კი მიუძღვნა ამ მეგობრობას. მას დიდი იმედი აქვს, რომ ეს მეგობრობა უფრო მჭიდრო ხასიათს შეიძენს. “სათხეს მხრიდან როდესაც სოფელში გავდიოდით, იყვნენ ადამიანები, რომლებიც გვეუბნებოდნენ, რომ არ ინერვიულოთო, ჩვენ დაგეხმარებით, გვერდით დაგიდგებით და თქვენც დამკვიდრდებით აქ. ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაცია იმისთვის, რომ დავრჩენლიყავი აქ. ხალხის მიერ გამოჩენილი სითბო… ესაა უდიდესი ძალა, რომელიც დიდ მირწევებამდე მიიყვანს ადამიან.” – ამბობს ლევანი.

“როცა ჩამოვედით, არაფერი გაგვაჩნდა. აქ მცხოვრები ხალხი გვერდით გვედგა, როგორც მკვიდრი საძმო ისე მიგვიღო. და ახლა დროა იმისა, რომ ამ 3 ათეული წლის მერე თითოეულ ადამიანს მადლობა გადავუხადო.” – ამბობს მწერალი.

დეტალები ლევან ვანაძესთან ინტერვიუში.

Radio NOR · Ინტერვიუ Ლევან Ვანაძესთან