ნინოწმინდაში ძლიერი წვიმების შედეგად სასმელი წყალი ბინძურდება

ნინოწმინდაში ძლიერი წვიმების შედეგად სასმელი წყალი ბინძურდება

ფოტო არქივიდან

ქალაქ ნინოწმინდაში რამდენიმე დღეა, რაც სასმელი წყალი დაბინძურებულია, რაც ადგილობრივ მოსახლეობას აიძულებს წყალმომარაგების ალტერნატიული გზები მონახოს. რამდენიმე დღის განმავლობაში წყალს მოყვითალო-მომწვანო ფერი და მომჟავო გემო ჰქონდა, რაც მას მოხმარებისთვის უვარგისს ხდიდა. ხალხი სასმელ წყალს მაღაზიებიდან ყიდულობს, ან ონკანიდან მომდინარეს ადუღებს და მხოლოდ ამის შემდეგ მოიხმარს.

მოსახლეობის ნაწილის აზრით პრობლემის მიზეზი ძლიერი წვიმებია. ზოგი კი მიიჩნევს, რომ სასმელი წყლის აუზებიცაა დაბინძურებული და წყალიც ამის გამო არ არის სუფთა.

ამასთან დაკავშირებით, ჩვენ წყალმომარაგების კომპანიას მივმართეთ, სადაც არზუნ გოროიანმა, კომპანიის ახლად დანიშნულმა ტექნოლოგიური განყოფილების უფროსმა, სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა. მანაც განმარტა, რომ პრობლემა ძლიერ წვიმებს უკავშირდება. თუმცა მისივე თქმით, კომპანია კვირაში ორჯერ წყლის ხარისხს ამოწმებს, და რეგულარულად ქლორავს მას, დაბინძურების მინიმიზირებისთვის. თუმცა “ამ პრობლემას მთელს ქვეყანაში ვაკვირდებით, რადგან ბუნებრივ მოვლენებთანაა დაკავშირებული”, — ამბობს ის.

რაც შეეხება აუზების მდგომარეობას, გოროიანმა თქვა, რომ კომპანია წელიწადში ორჯერ მათ დეზინფექციას უკეთებს. ხოლო სასმელი წყლის ნაკლებობის პრობლემა მოგვარდება მაშინ, როდესაც 2024 წელს, მასშტაბური პროექტის ფარგლებში წყლის სისტემა სრულად შეიცვლება და წყლის მრიცხველები დამონტაჟდება. როგორც მან გვითხრა, ამ პროექტისთვის 30 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი.

დეტალები აუდიო-მასალაში.

Radio NOR · ნინოწმინდაში სასმელი წყალი დაბინძურებულია