“მადათაფას ტბაზე 2023 წელს წყლის კაშხალს სავარაუდოდ შეაკეთებენ”, — ამის შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები იუწყებიან.
მადათაფას ტბა ჯავახეთის ეროვნულ პარკში შედის და საქართველოში გადამფრენი ფრინველებით სავსე ტბათაგან ერთ-ერთია. წლების მანძილზე ვაკვირდებით იმას, თუ როგორ იკლებს წყლის დონე ტბაში. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, ერთ-ერთი უმთავრესი კი დაზიანებული კაშხალია, რომლის შეკეთებაზეც წლებია საუბრობენ.
რადო NOR-ი დაუკავშირდა ჯავახეთის ეროვნული პარკის ერთ-ერთ რეინჯერს, თამაზ კარაპეტიანს, რომელმაც გვაცნობა, რომ ტენდერი კაშხლის შეკეთებაზე შარშანაც იყო გამოცხადებული, თუმცა არ შედგა, რადგან მონაწილეობა არავის მიუღია. ამის მიზეზად კი პოტენციური მონაწილეები ასახელებდნენ ბუნებრივ პირობებს, რადგან როგორც კარაპეტიანი ამბობს, “ტენდერი გვიან [ცივ სეზონზე] იყო გამოცხადებული”.
თუმცა იგი დარწმუნებულია, რომ 2023 წელს კაშხალს აუცილებლად აღადგენენ და ტბაში წყლის დონეც აიწევა.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ოფიციალური წერილი მივწერეთ დაცული ტერიტორიების სააგენტოსაც, საიდანაც პასუხი ჯერ არ მიგვიღია.
ტბის გაშრობის მეორე მიზეზი იდუმალებით მოცულ მიწისქვეშა ხვრელებს უკავშირდება. ამ ხვრელებში ჩაედინებოდა ტბის წყალი. ეს ამოცანა დღემდე არ არის ამოხსნილი, თუმცა დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბუნებრივი მოვლენაა და ვერაფერს გააკეთებენ.
ტბა ძირითადად გაზაფხულზე მდნარი თოვლისა და წვიმების წყლებით საზრდოოს, ხოლო მაშინ როდესაც აღარ წვიმს, წყლის დონე იკლებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში ამის გამო ტბაში ახალი კუნძულიც კი გაჩნდა, რომელიც ყოველწლიურად იზრდება ზომებში. მანამდე ასეთი მოვლენა არასდროს დაფიქსირებულა. ტბის ნაწილი ჭაობდება და პრობლემა დღემდე აქტუალური რჩება.
მადათაფას ტბის მდგომარეობა 2022 წლის სექტემბერში.
მადათაფას ტბა ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილია. აქ 180-ზე მეტი სახეობის ფრინველი ბინადრობს. ჯავახეთის ეროვნულ პარკში მობინადრე ფრინველების საერთო რაოდენობა კი 200-მდე აღწევს. 2023 წლის ხუთი თვის პერიოდში ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს 1279 ვიზიტორი ჰყავდა.