ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ცენტრალური პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, რისთვისაც პარკში მდებარე ხეები იჩეხება.
ცენტრალური პარკი მუნიციპალური განვითარების ფონდის პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში რეაბილიტაციას ექვემდებარება. ეს პროგრამა 4 წლიანია და მოიცავს საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს.
გუშინდელიდან ზემოთაღნიშნული პარკის ტერიტორიაზე მდებარე ხეები იჩეხება. ადგილზე მყოფი მუშების თქმით, იჩეხება მხოლოდ გამხმარი ხეები, შედარებით ახალგაზრდა და ჯანმრთელ ხეებს კი არაფერი ემუქრებათ, თუმცა მათი დიდი ნაწილი მაინც უნდა მოიჭრას. მოშორებულია ასევე ძველი ატრაქციონები, სკამები, რომლებიც რამდენიმე წლის მანძილზე იყო პარკში.
პარკის ტერიტორიაზე ასევე შენდება ქართული მართლმადიდებლური ტაძარი.
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 2021 წლის 10 მაისს იყო გამოცხადებული ტენდერი, სადაც მონაწილეობა მიიღო შპს „საბა კონსტრაქშენმა“ და მანვე მოიგო ეს ტენდერი. ოთხი მუნიციპალიტეტისთვის (ნინოწმინდა, თეთრიწყარო, წალკა, რუსთავი) გამოყოფილია 20 მილიონი ლარი. სარემონტო სამუშაოები გაგრძელდება 6 თვიდან 1 წლამდე დროში.
სატენდერო დოკუმენტაციის დანართი n1 (პრეისკურანტი – სკვერი პარკი) by Radio NOR on Scribd
მოკლე ინფორმაცია კომპანიის შესახებ
შპს „საბა კონსტრაქშენი“ დარეგისტრირებულია 2012 წლის აპრილში ( საიდენტიფიკაციო კოდი: 440886098). მისი დირექტორია ლევან თარგამაძე. კომპანია ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტებითაა დაკავებული. იურიდიული მისამართია ქარელის რაიონის ს. ძლევიჯვარი.