2022 წელს თბილისში საცხოვრებელი ბინების გაქირავების ფასი გაორმაგდა, რის გამოც ნინოწმინდელ სტუდენტები სირთულეებს წააწყდნენ.
2021 წლის გაზაფხულის სემესტრიდან ბევრი საგანმანათლებლო დაწესებულება გადავიდა ჰიბრიდულ რეჟიმზე და რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს ლექციებზე დასწრება უნივერსიტეტებში მოუწიათ. ბევრი მათგანი ამის გამო გადავიდა დედაქალაქში, იქირავა საცხოვრებელი, რომლის შოვნაც არც ისე ადვილი იყო.
2022 წლიდან თბილისში საცხოვრებელი ბინების ქირის ფასი მკვეთრად გაიზარდა. სემესტრის დასაწყისში ბევრი სტუდენტი თავის უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რადგან მათ ვისაც შემოდგომაზე ან უფრო ადრე არ ჰქონდათ უკვე ნაქირავები, ახლა ბინის პოვნა არ შეეძლოთ. ბინები, რომელთა დაქირავება ადრე 400 ლარად შეიძლებოდა, ახლა 600-800 ლარი ღირს. მაგალითად, თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, 2022 წლის მაისში ქირა გაორმაგდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და +101,4% შეადგინა. ქირავნობის საპროცენტო განაკვეთი 11.4%-ია, რაც 4.6%-ით მეტია 2021 წლის მაისის მაჩვენებელზე.
„ძალიან გაგვიჭირდა საცხოვრებლის შოვნა. ბინების ფასები ძალიან მაღალია. ადრე ადგილმდებარეობას, ცენტრიდან მანძილს ითვალისწინებდნენ, ახლა ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. ვფიქრობ, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ გაიზარდა ფასები. იმიტომ, რომ რუსები, უკრაინელები და ბევრი სხვა თბილისში გადმოვიდნენ საცხოვრებლად“. – ამბობს ნინოწმინდელი სტუდენტი, სუზანა გოროიანი.
ამავე აზრისაა ნინოწმინდელი სტუდენტი, ზორქინ საჰაკიანიც. „როდესაც მე თვითონ ვეძებდი ბინას, მეც დავდექი პრობლემის წინაშე. ბინა ვიქირავეთ, მაგრამ როცა რუსეთიდან ჩამოსულმა კაცმა მეპატრონეს უფრო მეტი თანხა შესთავაზა, ბინიდან გადაგვასახლეს“.
უფრო დეტალურად ჩვენს აუდიო ჩანაწერში.