ვართანუშ მალხასიანი სოფელ თორიიდანაა, თუმცა ამჟამად ცხოვრობს ნინოწმინდაში. ის პროფესიით ვეტერინარია, თუმცა ამ სპეციალობით არ უმუშავია. იყო პერიოდი, როდესაც იგი ერთდროულად 6 ადგილას იყო დასაქმებული.
ვართანუშ მალხასიანის ოჯახი სოციალურად დაუცველად ითვლება. ბებია ვართანუშის საცხოვრებელი პირობები არაა დამაკმაყოფილებელი. ოჯახის სარჩენად მას ყოველთვის სხვადასხვა სამსახურში მუშაობა უწევს. ამჟამად ვართანუში ქალიშვილთან და 4 არასრულწლოვან შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს. მისი თქმით, პროდუქტი გაძვირდა, ცხოვრება დღითიდღე უფრო რთულდება და “რამდენიც არ უნდა გამოიმუშავო მაინც არ გყოფნის”.
ბებია ვართანუში ცხოვრების მანძილზე სხვადასხვა სფეროში მუშაობდა. იგი ახლა პენსიონერია, თუმცა ამავდროულად ქალაქის დასუფთავების სამსახურში მუშაობს. “სანამ ჯანმრთელობა ხელს მიწყობს ვიმუშავებ. რთულია, მაგრამ რა ვქნა? წარსულში ვმუშაობდი ტანსაცმლის ქარხანაში, ვეტერინარულ კლინიკაში, საცხობში, რესტორნებში. მაშინ, როდესაც მიმტანი ვიყავი რესტორანში, უფრო კარგად მექცეოდნენ, ვიდრე ახლა”. ახლა ვართანუში ქალაქის დასუფთავების სამსახურში მუშაობს, მოხუცებს უვლის და სეზონურად კარტოფილის საკრეფად დადის.
ვართანუში ამბობს, რომ, როდესაც მან მეეზოვედ დაიწყო მუშაობა, რცხვენოდა და ცდილობდა ისე გაეკეთებინა, რომ მოსახლეობას ის არ ეცნო. ბევრი ნაცნობი ურჩევდა ცოცხის დატოვებას და სხვა სამსახურის პოვნას, მაგრამ ის მათ არ უსმენდა. “როცა ხალხს ვხედავდი, ვიმალებოდი, შემდეგ ისევ გამოვდიოდი და მუშაობას ვაგრძელებდი. მაგრამ თანდათან ამასაც მივეჩვიე. არის ხალხი, რომელიც პატივს მცემს, არიან ისეთებიც, რომლებიც საერთოდ არ მაქცევენ ყურადღებას. რა ვქნა, მთავარია სამსახური მაქვს და ოჯახის წევრები კი ყველა საჭირო ნივთებით უზრუნველყოფილნი არიან”. ვართანუში მოსახლეობას მიმართავს თხოვნით, რომ პატივი სცენ მეეზოვის შრომას და არ დაყარონ ნაგავი, სადაც მოაგონდებათ.