ადელინა ესოიანი მძიმე სოციალურ პირობებში სამ არასრულწლოვან შვილს მარტო ზრდის. ბავშვების მამა რამდენიმე თვეა საზღვარგარეთ იმყოფება. ადელინა ქალაქ ნინოწმინდაში მდებარე დაზიანებულ ორსართულიან სახლში ცხოვრობს, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის.
მხედველობის პრობლემების გამო ადელინა ვერ მუშაობს, ოჯახისთვის კი ერთადერთი შემოსავლის წყარო სოციალური დახმარება, ბავშვის შემწეობაა. სახელმწიფო თითო ბავშვზე 150 ლარს უხდის, თვითონ ადელინა კი იღებს პირველი ჯგუფის ინვალიდობის პენსიას. ადელინა ცდილობს ფული ისე გაანაწილოს, რომ ერთი თვის განმავლობაში საკმარისად ჰქონდეს, მით უმეტეს, რომ ახლა ყველაფერი გაძვირდა. ადელინა აღნიშნავს, “რამდენიმე მაღაზიის მფლობელების კეთილსინდისიერება რომ არ ყოფილიყო, რომლებიც პროდუქტს ნისიად მაძლევენ, არ ვიცი რას გავაკეთებდი, რადგან ფულის გადახდა მხოლოდ პენსიის აღების შემდეგ შემიძლია.”
„9 წელია, რაც გათხოვილი ვარ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ მთელი ეს პერიოდი მარტო, სახელმწიფოს შეღავათებით ვცხოვრობ. ჩემი შვილების მამისგან მხარდაჭერა არ ყოფილა, ყველა საზრუნავი ჩემზეა. ეს ჩემი შვილები არიან, მე თვითონ უნდა შევუქმნა ცხოვრების პირობები. ბავშვები მამის არყოფნის გამო მშვიდად არ არიან. ისინი ხედავენ, რომ სხვა ბავშვები, მამასთან ერთად ხელჩაკიდებულები, მიდიან მაღაზიაში, ყიდულობენ ნაყინს ან სათამაშოებს, ჩვენ კი არ გვაქვს ასეთი შესაძლებლობა. ჩემს შვილებს უხარიათ, რომ სათამაშოებს ვყიდულობ საახალწლოდ და დაბადების დღეზე“, – ამბობს სამი შვილის დედა.
როგორც ადელინა აღნიშნავს, ყოველთვის იყო მხარდაჭერა გარედან. შარშან კლასელებმა საახალწლოდ სიურპრიზი გაუკეთეს. დაახლოებით 2000 ლარი გამოუგზავნეს, რათა ბავშვებმა ახალი წელი ხალისით გაატარონ და ყველა სხვა ბავშვივით ბედნიერები იყვნენ. საკვებს სხვადასხვა ორგანიზაცია აწვდიდა. გაზის საფასურს კი ზამთარში ყოფილი დეპუტატი ენზელ მკოიანი იხდიდა. მაგრამ ახლა იმის გამო, რომ ზამთარში ბუნებრივი აირით სახლის გათბობა ძვირი ჯდება, ადელინა ზაფხულში წივას აშრობს და შეშას ყიდულობს. “ხანდახან, როცა სადმე მშენებლობა მიმდინარეობს და ხეებს ჭრიან, შეშა შემოგვაქვს. ახლახან ანდრანიკმა შეშა გამოგზავნა, რისთვისაც მისი მადლობელი ვარ“.
ადელინა, მიუხედავად იმისა, რომ მხედველობის პრობლემა აქვს, ზამთრისთვის მურაბებსა და კომპოტებს ამზადებს. ქილებს ფორმების მიხედვით ირჩევს, რათა განასხვავოს რომელ ქილაში რომელ ხილის მურაბაა.
„წელს გადავწყვიტე, რომ შვილების გულისთვისაც კი არ შემოვუშვებ ჩემს ქმარს სახლში. ყოველ ჯერზე ამბობს, რომ შეიცვალა, მაგრამ როცა სვამს, იწყებს გინებას, ფანჯრებს და კარებს ამტვრევს. მერე მიდის და მე უნდა მოვაწესრიგო ყველაფერი. უკვე 40 წლის ვარ და დავიღალე ყოველ ჯერზე საკუთარი თავის შერცხვენით, გამუდმებით პოლიციაში გამოძახებით. მან წელსაც დაიწყო შუშების მსხვრევა, ბავშვები შიშისგან ოთახში იმალებოდნენ, რომ ბაბუის მოსვლამდე მამას არ შეემჩნია. მე კი მეგონა, რომ ციხემ გამოასწორა, მაგრამ არა.”
ადელინა იმედოვნებს, რომ მისი ცხოვრება შეიცვლება, როდესაც შვილები გაიზრდებიან და მუშაობას დაიწყებენ.