უმუშევრობა საქართველოში დღემდე ერთ-ერთ აქტუალურ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემად რჩება. საქართველოში დღეს 1 500 000-ზე მეტი შრომისუნარიანი მოქალაქე ცხოვრობს. მათი უმეტესობა (800 000-ზე მეტი) საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით დასაქმებულია კერძო ან საჯარო სექტორში, დაახლოებით 400 000 ადამიანი თვითდასაქმებულია, ანუ აქვს საკუთარი საქმე, შრომისუნარიანი ხალხის 18% (281 000) კი უმუშევარია.
ნინოწმინდაში უმუშევრობის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება სახელმწიფო ენის არასათანადო დონეზე ცოდნა. მოსახლეობის 95% აქ ეთნიკურად სომეხია და ქართული ენის პრობლემა მწვავედ დგას. საჯარო სექტორში სახელმწიფო ენის ცოდნა საჭიროა, თუმცა კერძო სექტორში ქართული ენის ცოდნა აუცილებელი მოთხოვნა არ არის.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, როგორც ქალაქში ასევე, სოფლებში, მოსახლეობის ძირითადი ნაწილი სოფლის მეურნეობით არის დაკავებული. “სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს ახლა ფასი არ აქვს. ბევრ ენერგიას და თანხებს ვხარჯავთ, ბევრს ვმუშაობთ, მაგრამ უფრო მეტს ვხარჯავთ ვიდრე შემოსავალს ვიღებთ.” – ამბობს ნინოწმინდის ერთ-ერთი მაცხოვრებელი.
ქალაქში ბევრი სტერეოტიპია გავრცელებული, რის გამოც ხალხის აზროვნებაში ჩაბეჭდილია ის, რომ ქალაქის ქუჩების დასუფთავება, ოფიციანტობა, მაღაზიაში გამყიდველად მუშაობა სირცხვილია. ამის გამო ბევრი არ მუშაობს ამ პროფესიებით, მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლების მოთხოვნა აქ დიდია.
ერიკნაზ მარკარიანის აზრით უმუშევრობის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ თვითონ ხალხს არ უნდა მუშაობა. “ბევრ მიზეზს ასახელებენ, როდესაც არ მუშაობენ. მაგალითად იმას, რომ სომხეთში დაამთავრეს უნივერსიტეტი და ამიტომ აქ ვერ პოულობენ სამსახურს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თუ ადამიანს აქვს სურვილი, ის ისწავლის სახელმწიფო ენას, გადათარგმნის დიპლომს და დაიწყებს მუშაობას.”
ბოლო პერიოდში ნინოწმინდაში ბევრი ვაკანსია ცხადდება, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში. მაგალითად, წინა თვეში მერიაში იყო გამოცხადებული 2 ვაკანსია, გარდა ამისა კერძო და არასამთავრობო სექტორი აქტიურად ეძებს თანამშრომლებს, თუმცა ხალხი არ არის დაინტერესებული.
უმუშევრების დიდ ნაწილს აქამდე წარმოადგენდნენ სოციალურად დაუცველი ოჯახები. ამჟამად სოციალურ სააგენტოს აქვს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სოციალურად დაუცველებს ასაქმებენ. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ამ პროგრამის დახმარებით დასაქმებულია 80-ზე მეტი ადამიანი, ვაკანსიების მიხედვით რეგისტრაცია ახლაც მიმდინარეობს. დასაქმებულები არიან სხვადასხვა სფეროებში, სოფლის ამბულატორიების, ბანკების დამლაგებლები, დარაჯები და სხვ.
როგორც სოციალურ სააგენტოში გვაცნობეს მათი ანაზღაურება არ აღემატება 300 ლარს. გარდა ამისა 4 წლის განმავლობაში მათი ქონება არ შემოწმდება და დახმარებაც არ შეუჩერდება. ოჯახიდან ნებისმიერ წევრს შეუძლია დასაქმება ამ პროგრამის ფარგლებში, თუმცა სააგენტოში ცდილობენ, რომ პოტენციური დასაქმებულები სხვადასხვა ოჯახებიდან იყვნენ, რადგან სოციალურად დაუცველების რაოდენობა მუნიციპალიტეტში საკმაოდ ბევრია.
დეტალები აუდიო მასალაში