ორმოების ამოსავსებად გამოყოფილი თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა

ორმოების ამოსავსებად გამოყოფილი თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა

ქალაქ ნინოწმინდაში ჩატარებული ორმოების ამოვსების სამუშაოები დასრულდა. თუმცა არის ქუჩები, სადაც გზები არ არის გარემონტებული და ავარიულ მდგომარეობაშია.

სარემონტო სამუშაოები 2 აგვისტოს დაიწყო. ამ დროისთვის პუშკინის, კარლ-მარქსისა და თავისუფლების ქუჩების ნაწილებზე ორმოები ამოავსეს და ასფალტის ფენა შეცვალეს. ამ სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 100 000 ლარი გამოიყო.

ქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე, მათ შორის ზემოაღნიშნულ უბნებში, გზები კვლავ სავალალო მდგომარეობაშია. ზოგიერთი პატარა ორმო კომპანიამ ასფალტით, ბეტონით და ქვიშით დაფარა, მაგრამ უფრო დიდები კვლავ საფრთხეს უქმნის მძღოლებს, განსაკუთრებით ძლიერი წვიმის დროს, როცა დაგროვილი წყლის გამო ორმოები არ ჩანს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის “ჯავახავტოგზას” წარმომადგენლის თქმით, მათ შეასრულეს ის სამუშაო, რისთვისაც გამოყოფილი თანხები საკმარისი იყო. მისივე სიტყვებით, ქუჩები, რომლებიც გარემონტდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიამ შეარჩია.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში გვითხრეს, რომ სამუშაოების გასაგრძელებლად ტენდერი გამოცხადდება, თუმცა წელს ამისთვის საკმარისი თანხა ბიუჯეტში არ არის. როდესაც მომავალი წლის ბიუჯეტი დამტკიცდება, გახდება ცნობილი, გაგრძელდება თუ არა სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალ წელს.

იხილეთ ასევე: