ხმალაძეების ოჯახი უკვე 30 წელზე მეტია, რაც ნინოწმინდაში ცხოვრობენ. ისინი წარმოშობით ასპინძის რაიონის სოფელ ტოლოშიდან იყვნენ. იმ პერიოდში “კოსტავას” ფონდი მრავალშვილიან ოჯახებს ბინებს აძლევდა. ამ ბინების მკვიდრებს აქ უვადო ცხოვრების უფლება აქვთ, თუმცა მისი გასხვისებისა და გაყიდვის უფლება არა.
ხმალაძეების ოჯახი 1990 წელს გადმოვიდა ნინოწმინდაში. მეუღლეები თენგიზ და მთვარისა ხმალაძეები და მათი შვილები გია, ჯემალი, ეკატერინე, პავლე და ნინო. იმ პერიოდში ქართული სკოლა ახლად გახსნილი იყო და უკვე მოქმედებდა ნინოწმინდაში და ბავშვებმა შეძლეს ქართული სკოლის დამთავრება.
90-იანებში ჯავახეთში სხვადასხვა არაფორმალური დაჯგუფებები იყო. “ისინი იარაღებით დადიოდნენ და ხალხს აშინებდნენ. ჩვენთანაც იყვნენ ერთხელ მოსული. ეგონათ, რომ მათი სახლების წართმევას აპირებდნენ და დაგვემუქრნენ, რომ წავსულიყავით. მაგრამ მყავდა კარგი მეზობლები, რომლებიც მხარში მედგნენ და მალევე შევეგუე აქ ცხოვრებას”. – ამბობს მთვარისა ხმალაძე.
ამჟამად მეუღლეები მარტო ცხოვრობენ. თენგიზი ცოცხებს კრავს და ნინოწმინდის დასუფთავების სამსახურს აწვდის. “ადრე ნინოწმინდა-ახალციხის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი ვიყავი. შემდეგ ეს საქმე ჩემს შვილს გადავაბარე, მე კი ცოცხების გაყიდვა დავიწყე.” – ამბობს ის. 2020 წლის ნოემბერს თენგიზი კორონავირუსით დაავადდა, რის შემდეგაც თირკმელების უკმარისობა დაემართა. ახლა ის კვირაში 2 ჯერ 90 კმ-ს გადის და ახალციხეში დადის ჰემოდიალეზზე. “ტრანსპორტზე ყოველ ჯერზე 20-30 ლარი გვეხარჯება.”
მთვარისა 2 ადგილას მუშაობს. გარდა ამისა აქვს პატარა მეურნეობა, სადაც ბოსტნეულსა და კენკრას ამრავლებს. “კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან კარგად ვცხოვრობ, მაგრამ ცუდი ცხოვრებაც არ მაქვს” – ამბობს ის.