ნინოწმინდაში “ფრინველებზე დაკვირვება” პოპულარობას იძენს

ნინოწმინდაში “ფრინველებზე დაკვირვება” პოპულარობას იძენს

საქართველოს ეკო-ტურიზმის ასოციაციამ  USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი „ფრინველებზე დაკვირვების გიდების გადამზადების კურსი“ დაიწყო. პროექტი სამცხე-ჯავახეთში ტარდება.

პროექტის მიზანი იყო სამცხე-ჯავახეთში ფრინველებზე დაკვირვებისთვის გიდების გადამზადება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამ ტურისტული მიმდინარეობის შესახებ.

მონაწილეების შერჩევის პროცესი 3 ეტაპად ტარდებოდა. ნინოწმინდიდან მონაწილეობას იღებენ: გრიგორ სააკიანი და ვაზგენ კაჯოიანი.

კურსი მოიცავდა 10 სასწავლო დღეს და თეორიული და პრაქტიკული მოდულებისგან შედგებოდა. თეორიული ნაწილი 24-28 აგვისტოს ონლაინ ფორმატით განახორციელეს, პრაქტიკული კი ფიზიკურ სივრცეში 29 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე.

მონაწილეებმა შეისწავლეს ის აუცილებელი საფუძვლები, რომელიც საჭიროა ფრინველებზე დაკვირვებისთვის, გაეცნენ საქართველოსა და კერძოდ სამცხე-ჯავახეთის, როგორც გადამფრენი ფრინველების ერთ-ერთი გამორჩეული ცენტრის მნიშვნელობას, მიიღეს ინფორმაცია ფრინველებზე დაკვირვების ტექნიკური საშუალებებისა და მათი სწორად გამოყენების შესახებ, ისწავლეს ფრინველებზე დაკვირვების ტურების დაგეგმვა და ჩატარება.

” ამ პროგრამის ფარგლებში, გავიგეთ რა არის ფრინველებზე დაკვირვება, გავეცანით ფრინველებზე დაკვირვებისთვის საჭირო თეორიულ და პრაქტიკულ საფუძვლებს. მივიღეთ ინფორმაცია ფრინველებზე დაკვირვების ტექნიკური აღჭურვილობისა და მისი სწორად გამოყენების შესახებ.” – ამბობს ვაზგენ კაჯოიანი.

ეს პროგრამა სამცხე-ჯავახეთში ტურიზმის განვითარებისთვისაა შექმნილი, რადგან სწორედ ჯავახეთშია ფრინველების ყველაზე დიდი ნაირსახეობა. გარდა ამისა ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროს შესაძლებლობაა.

5 დღის განმავლობაში მონაწილეები იყვნენ კარწახის, ტაბაწყყურის, მადათაფას, ბუღდაშენისა და ხანჩალის ტბებთან. ჯგუფში იყვნენ ორგანიზატორი, ფოტო და ვიდეოგრაფები და ორი პროფესიონალი გიდი, რომლებიც ამზადებდნენ მონაწილეებს.

გრიგორ სააკიანმა მონაწილეობის მიღებამდე არც კი იცოდა, რომ ტურიზმის ასეთი მიმართულება არსებობდა.

“მე გარემოს დაცვითა და ზოგადად ბუნებით დაინტერესებული ვარ. ამ კურსმა კი ფრინველებზე დაკვირვების სფეროც გამაცნო. საინტერესო იყო, თუ სხვადასხვა ქვეყნებიდან რატომ მოდიან ჯავახეთში ფრინველების სანახავად. კურსის დასრულების შემდეგ კი უკვე ვიცი რა პერსპექტივებია საქართველოში, როგორ განასხვავო ფრინველები, რითი უნდა დააკვირდე და როგორ უნდა გადასცე ეს ინფორმაცია ტურისტებს.

ახლა ფრინველებზე დაკვირვებისას მაინტერესებს, თუ რა სახეობისაა, წიგნებში ინფორმაციას ვპოულობ, საიდან მოფრინავენ, რომელ სეზონზე, სად ბინადრობენ. ჩვენი რეგიონის მთავარი მახასიათებელია ლაკლაკი ან თეთრი ყარყატი, რომლებსაც ძირითადად ავირდებიან ტურისტები. უკვე სპეციალური ტურებიც კი არსებობს ამისათვის. მე მინდა თვითონ ვცადო ტურის დაგეგმვა და ორგანიზება, თუმცა ეს 5 დღე ცოტაა საკმარისი გამოცდილებისა და ცოდნის მისაღებად. ამიტომ მე ვიმუშავებ საკუთარ თავზე, და თუ იქნება მოთხოვნა ტურებს მოვაწყობ ან ხელს შევუწყობ ჩვენთან ტურიზმის განვითარებას.” – ამბობს გრიგორი.

სულ მალე მონაწილეები გიდი სერტფიკატს მიიღებენ და ოფიციალურად შეძლებენ მუშაობას. მონაწილეებს აჩუქეს წიგნები ფრინველების ნაირსახეობების შესახებ.