სოფელ ჟდანოვში მსხვილფეხა პირუტყვი იხოცება

სოფელ ჟდანოვში მსხვილფეხა პირუტყვი იხოცება

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვში მსხვილფეხა პირუტყვი იხოცება დაუდგენელი დაავადების გამო.

უკვე რამდენიმე დღეა, რაც აღნიშნული სოფლების მოსახლეობის თქმით, მსხვილფეხა პირუტყვი გაუგებარი მიზეზების გამო იხოცება. დაავადებას შემდეგი სიმპტომები მოჰყვება: სიცხე, ლორწოვანი გამონადენი, აჩქარებული გულისცემა. ხალხის აზრით, ეს შეიძლება ტკიპას გამო იყოს.

ამასთან დაკავშირებით საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის განყოფილების უფროსს მივმართეთ. მისი სიტყვებით მასალები ექსპერტიზაზეა წაღებული. ვარაუდობენ პიროპლაზმოზის დაავადებას. ხალხისთვის ეს დაავადება საშიში არაა, რადგან არ არის გადამდები.

პიროპლაზმოზის მურნალობა სახელმწიფო პროგრამაში არ შედის. თვითონ მესაკუთრემ უნდა იზრუნოს პირუტყვის მკურნალობაზე. ამ დროისთვის ერთი ძროხაა მომკვდარი. ექსპერტიზის შედეგები რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი.

ინფექციის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების ჩატარება, ხოლო თუ ძროხა უკვე ავად არის, მაშინ კერძო ვეტერინარს უნდა მიმართოთ.

პიროპლაზმოზი (Piroplasmosis, ნაბარევი, ციება, დასიცხვა, ტკიპარა) არის საძოვრული, (სეზონური) დაავადება. ვლინდება გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე. პირველი აფეთქება გამოწვეულია გამოზამთრებული ლარვებით.

დაავადება ცხოველებში მიმდინარეობს მწვავე ფორმით. განსაკუთრებით მგრძნობიარეა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. მოზარდ ცხოველებში დაავადება მსუბუქი ფორმით ან ზოგჯერ უსიმპტომოდაც მიმდინარეობს.

ინკუბაციური პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს 8-დან 24 დღემდე. დაავადება იწყება მაღალი ტემპერატურით, 400-410-მდე და შეიძლება უფრო მეტიც. მკვეთრად გამოხატულია ცხოველის დათრგუნვა, მადა ქვეითდება, ცხოველი არ იცოხნის, პულსი ხშირდება 110-120-მდე წუთში.

Radio NOR · В селах Ниноцминда вспыхнула болезнь среди коров