რუსეთში ნაწლობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ მოქალაქეები ქვეყანას ტოვებენ. პირველ ორ დღეში ყველა ავიაბილეთი სომხეთის, თურქეთისა და საქართველოს მიმართულებებით გაყიდული იყო. ამჟამად ბილეთები არის, მაგრამ მათი ფასები გაზრდილია.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ბევრს აინტერესებს ბილეთების ფასები, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი ახლა რუსეთშია სეზონურ სამუშაოებზე.
მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები არ არის. რუსეთიდან საქართველოში მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ ტრანსფერებით ან პირდაპირი მარშრუტით ლარსის გავლით. ავიაბილეთი მოსკოვი-სტამბოლი-თბილისის მიმართულებით უახლოეს დღეებში 1300-5100 დოლარი ღირს.
ორი დღის წინ მოსკოვი-ერევნის მიმართულებით პირდაპირი ფრენები 4500-დან 5000 აშშ დოლარამდე ღირდა (290000-310000 რუბლი), ახლა კი მათი ღირებულება 1000-3500 დოლარამდე (58000-21000 რუბლი) შემცირდა. რაც შეეხება მოსკოვი-სტამბოლის ავიაბილეთებს, ისინი ამჟამად 1200-4000 აშშ დოლარი ღირს პირდაპირი ფრენისთვის.
მიუხედავად ავიაბილეთების ასეთი მაღალი ფასებისა, რუსეთის მოქალაქეები კვლავ ტოვებენ ქვეყანას. საქართველოში ძირითადად “დარიალის” საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით შემოდიან. ამ პუნქტზე ბოლო დღეებში უამრავი ადამიანია. 10 დღის განმავლობაში ყველა საბაჟოდან საქართველოში დაახლოებით 150 000 რუსი შემოვიდა. მათი რიცხვი მკვეთრად გაიზარდა 2022 წლის 22 სექტემბრის შემდეგ, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ხალხის ნაკადის გასაკონტროლებლად იქ პოლიციის ჯგუფებია მობილიზებული.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 28 სექტემბერს, ზემო ლარსზე, ოპოზიციური პარტიის „დროას“ წევრები და სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციის გამართვას აპირებდნენ, თუმცა პოლიციამ მათ ხელი შეუშალა და “დარიალის” პუნქტამდე არ გაუშვა. აქციის მონაწილეები სოფელ გველეთთან გააჩერეს.