2022 წლის 1 ნოემბერს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებს შორის ინტელექტუალური თამაში “რა? სად? როდის?” -ის დაუგეგმავი მესამე ეტაპი გაიმართა.
ვიქტორინის პირველი ეტაპი ცალ-ცალკე ჩატარდა სოფლებში და ქალაქში, სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც, თავის მხრივ, ფინალში გავიდნენ. მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს გაიმართა ვიქტორინის მე-2 ეტაპი, სადაც მონაწილეობდნენ მოსწავლეები ნინოწმინდის მე-3 საჯარო სკოლიდან, ჟდანოვიდან, ეშტიიდან და დიდი გონდრიოდან.
მეორე ეტაპის შედეგების მიხედვით, გამარჯვებული არ გამოვლინდა. რატომ?
ზოგიერთი მონაწილის თქმით, ერთ-ერთმა გუნდმა კითხვების შესახებ წინასწარ იცოდა, რის შედეგადაც ყველაზე მაღალი ქულა აიღო. იმის გამო, რომ ქულების სხვაობა ძალიან დიდი იყო, მონაწილეები ფიქრობენ, რომ ვიქტორინა არ იყო სამართლიანი. ორგანიზატორებმა ამის გამო მესამე ეტაპის გამართვა გადაწყვიტეს.
დღეს გაიმართა ვიქტორინის მესამე და ფინალური ეტაპი, სადაც მონაწილეობას იღებდნენ იგივე გუნდები, გარდა ეშტიის გუნდისა. მონაწილეებმა წერილობით უპასუხეს ლოგიკურ შეკითხვებს, რის შედეგადაც ნინოწმინდის მესამე სკოლის გუნდმა 10 ქულა დააგროვა, ხოლო ჟდანოვისა და დიდი გონდრიოს გუნდებმა – 11 ქულა. გამარჯვებულის გამოსავლენად ჩატარდა დამატებითი ტური, სადაც გაიმარჯვა სოფელ დიდი გონდრიოს გუნდმა „ერთობამ“.
ვიქტორინა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.