ნინოწმინდის 2 ქუჩის მოასფალტება და პარალელური ქუჩის მოსახლეობის პრეტენზია

ნინოწმინდის 2 ქუჩის მოასფალტება და პარალელური ქუჩის მოსახლეობის პრეტენზია

ქალაქ ნინოწმინდაში, ნინოშვილისა და კაპუტიკიანის ორი ქუჩის მოასფალტება მიმდინარეობს.

ამ ქუჩების სარემონტო სამუშაოებს საგზაო სამშენებლო კომპანია „ჯავახავტოგზა“ ახორციელებს.

ვინაიდან ამინდი უარესდება, გადავწყვიტეთ გაგვერკვია დროულად დასრულდება თუ არა კაპუტიკიანისა და ნინოშვილის ქუჩების მოასფალტება. ამიტომ ადგილზე მოვინახულეთ და ერთ-ერთ მუშას ვკითხეთ.

ჩატარებულია გზის გასწორებისა და მოხრეშვის სამუშაოები, ამ წუთებში კი სამუშაოები კაპუტიკიანის ქუჩაზე მიმდინარეობს.

ქალაქ ნინოწმინდის ნინოშვილის ქუჩის მოასფალტებისთვის 105 915 ლარი გამოიყო, ხოლო კაპუტიკიანის ქუჩის მოასფალტებისთვის 232 152 ლარი.

ნინოშვილის ქუჩა

მეზობელ ქუჩაზე მოსახლეობა ჩიოდა, რომ სანიაღვრე არხების არარსებობის გამო კაპუტიკიანის ქუჩიდან მათ ეზოებში წყალი ჩაედინება. როგორც მოსახლეობა ამბობს, ამის გამო სახლების საძირკველი ფუჭდება და სარდაფებში ჩასვლისას წყალი აფუჭებს წყლის ტუმბოებს. გაგარინის ქუჩის მცხოვრებლების თქმით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად მერიას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. მოსახლეობას სადრენაჟო თხრილების გაყვანა სურს. გაგარინის ქუჩის მოასფალტება სამი წლის წინ განხორციელდა.

გაგარინის ქუჩა

როგორც მერიიდან გვაცნობეს, ნინოშვილისა და გოგოლის ქუჩებზე სანიაღვრე თხრილი გაკეთდება.

ჯავახავტოგზის საგზაო სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლის ვაჩიკ გაბრიელიანის თქმით, კაპუტიკიანისა და ნინოშვილის ქუჩების მოასფალტება რამდენიმე დღეში დაიწყება, რადგან ისინი ამ წუთებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში მუშაობენ. თუ ამინდის პირობები ხელს შეუწყობს, მოასფალტება წელს დასრულდება. და თუ დრო არ ექნებათ, მაშინ 2023 წელს გააგრძელებენ.

აღსანიშნავია, რომ ეს ქუჩები ყოველი ძლიერი წვიმისა და თოვლის დნობის დროს იტბორებოდა. ნალექი პრაქტიკულად კეტავდა ქუჩის საგზაო მოძრაობას. მშრალ ამინდშიც კი პრობლემას ქმნიდა გზაზე არსებული ღრმა ორმოები.

Radio NOR · Асфальтирование улиц и жалоба жителей параллельной улицы