ზამთრის დადგომასა და ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობა გაიზარდა. პუშკინისა და თავისუფლების ქუჩებში გავლისას, დათოვლილ ტროტუარებზე უამრავ ხილსა და ბოსტნეულს, ხორცსა და თევზს, ჩირსა და თხილს დაინახავთ.
2020 წლის 1 იანვარს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გარე ვაჭრობის აკრძალვის გადაწყვეტილება დაამტკიცა. გარდა ამისა, 2022 წლის ზაფხულში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა გამყიდველები გააფრთხილეს, რომ საქონელი ქუჩებიდან აეღოთ.
ახლა ქუჩაში გამყიდველებს გარე ვაჭრობისთვის სპეციალური ნებართვა აქვთ, რომელიც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიიდან მიიღეს. ადრე გამყიდველები ამბობდნენ, რომ იმის გამო, რომ არ აქვთ ნორმალური სავაჭრო სივრცე, იძულებულნი არიან, სიცივის, ყინვისა და წვიმის მიუხედავად, ქუჩაში გაყიდონ პროდუქტი.
ამის შემდეგ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიამ ბაზრის ასაშენებლად 2019 წელს 160 000 ლარზე მეტი დახარჯა. თუმცა, დღეს ბაზრის შენობას, გამყიდველებისა და მათი საქონლის ნაცვლად, ადგილი უკავია “ჰაიოს-ქართლოსის” პარკიდან ამოღებულ ძველ ქვაფენილს. მოვაჭრეებს არ სურთ ამ შენობაში შესვლა და პროდუქტის იქ გაყიდვა. ამის მთავარ მიზეზად ისინი მანქანებისთვის პარკინგის არქონას ასახელებენ. „როგორ შეიძლება დიდი, საქონლით დატვირთული სპრინტერი დადგეს პატარა პლატფორმაზე. აქ ვერც მოტრიალდება. ჩვენ კი არ შეგვიძლია მუდმივად ვატაროთ უზარმაზარი ყუთები შენობაში.” – ამბობს ერთ-ერთი გამყიდველი. გარდა ამისა, ეს ადგილი ხალხის თვალისგან დამალულია, კლიენტების ძირითადი ნაკადი კი მთავარ ქუჩაზე გამვლელი ხალხია.
გამყიდველები ამბობენ, რომ შენობა U-ფორმის რომ ყოფილიყო, მაშინ პრობლემა არ იქნებოდა. „ამ შემთხვევაში გადავიხდიდით საჭირო თანხას და ვიდგებოდით ნორმალურ ოთახში. თუმცა, ახლა პრობლემა ის არის, რომ შენობაში საკვების შეტანა მოუხერხებელი იქნება, განსაკუთრებით ახალი წლის დღეებში, რადგან თითოეულ გამყიდველს აქვს დიდი რაოდენობით საქონელი.
ბაზრობის შენობა ადგილობრივმა მეწარმემ რაზმიკ ღუმაშიანმა ააშენა. პროექტით არ იყო გათვალისწინებული პარკინგის ადგილი. მშენებლობის დაწყებამდე ბაზრის პროექტი ნინოწმინდის მერიამ იყიდა. რაშიც დახარჯა დამატებით 1850 ლარი.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ბაზრობის შენობაში არის ყველაფერი, რაც შეიძლება დასჭირდეს გამყიდველებს. მერის მოადგილე ალექსანდრე მიქელაძემ გვითხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გამყიდველებს აქ ვაჭრობა არ სურთ, შენობა დანიშნულებას მოემსახურება. კონკრეტულად რა ნაბიჯები გადაიდგმება, ჯერჯერობით უცნობია.