ორგანიზაცია განვითარებისა და ჩართულობის პლატფორმა Rönne-Stiftung-თან პარტნიორობით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ეთნიკური უმცირესობის ახალგაზრდების მხარდაჭერა.“
პროექტი მიზნად ისახავს სხვადასხვა ტიპის ტრენინგისა და აქტივობის გზით, არადომინანტური ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ახალგაზრდების გააქტიურებას. პროექტი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, ესენია: სტუდენტური პროგრამა, სასკოლო პროგრამა, გაცვლითი პროგრამა, საზაფხულო ბანაკი და მცირე გრანტები.
სასკოლო პროგრამა სამცხე-ჯავახეთის 8 სომხურენოვან სკოლაში მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში, VIII-IX კლასის მოსწავლეები ერთვებიან ტრენინგში განათლების შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების გაძლიერების შესახებ. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, პროგრამაში მონაწილეობა 4 მუნიციპალიტეტის: ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის 245 მოსწავლემ მიიღო. ტრენერები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იყვნენ გოჰარ აღჯოიანი და არმინე მანველიანი, ასევე იყვნენ სტუდენტები, რომლებიც ეხმარებოდნენ მათ.
იმ მოსწავლეებს, რომლებიც ჩართულნი არიან სასკოლო პროგრამაში, ეძლევათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ საზაფხულო ბანაკში, სადაც სხვა თანატოლებთან ერთად გაივლიან ტრენინგებს სამოქალაქო ჩართულობის, პროექტების წერის, ლიდერობის შესახებ. ბანაკი დატვირთული იქნება თამაშებით, სპორტული და არასპორტული აქტივობებით, კულტურის საღამოებით. მოსწავლეები გუნდურად იმუშავებენ სხვადასხვა საპროექტო იდეებზე, ბანაკის ბოლოს კი, სტუდენტებთან ერთად ჯგუფში წარმოადგენენ თავიანთ იდეებს, რომლის განსახორციელებლადაც მიიღებენ მცირე გრანტებს.
ორგანიზაცია „განვითარებისა და ჩართულობის პლატფორმა“, 2019 წლიდან ფუნქციონირებს და მუშაობს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის უნარ-ჩვევების გაძლიერებაზე.