2023 წელს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკაში მიმავალ გზაზე ასფალტი დაიგება.
რადიო NOR-მა ამ გზის პრობლემურ მონაკვეთზე არაერთხელ ისაუბრა. სოფელში მისასვლელად ორი გზა არსებობს: ერთი სოფელ სათხედან, მეორე კი ნინოწმინდა-გორელოვკის გზიდან. სათხედან სპასოვკაში მიმავალი გზა მოასფალტებულია, თუმცა ზემოთაღნიშნული მეორე გზა სავალალო მდგომარეობაშია.
მსუბუქი ავტომობილით გავლა გზაზე, რომელიც სომხეთის საზღვართან მიმავალ მთავარ გზას უერთდება, ამჟამად ძალიან რთულია. არსებული ორმოების გამო სოფლიდან გზატკეცილამდე მისვლა (დაახლოებით 3 კმ მანძილის გადალახვა) ნახევარ საათს საჭიროებს. სოფლის მოსახლეობის აზრით ეს პრობლემა პირველ რიგში უნდა მოგვარდეს, რადგან ბავშვების ნაწილი ამ გზით ორლოვკის საჯარო სკოლაში დადის.
სათხე-სპასოვკის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო და დასრულდა 2020 წელს. ამისათვის გამოყოფილი იყო 800 000 ლარის ოდენობის თანხა. სამუშაოებს საგზაო-სამშენებლო კომპანია “ჯავახავტოგზა” ხელმძღვანელობდა, რის შედეგადაც მოასფალტდა 2 790 მეტრი მანძილის გზა.
წელს სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 631 387 ლარის ოდენობის თანხა გამოიყო სპასოვკა-ორლოვკის შემაერთებელი 3 366 მეტრის გზის რემონტისთვის. ამ თანხის 95%-ს სახელმწიფო ფარავს, ხოლო 5%-ს (81 719 ლარი) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია. უკვე დაწყებულია შეთავაზებების მიღება, რომელიც გაგრძელდება 26 იანვრამდე.