ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ კათნატუს საჯარო სკოლა რამდენიმე თვეა, რაც დაკეტილია. მოსწავლეები ცოდნის მისაღებად მეზობელ სოფელ დიდ ხანჩალში დადიან, რომელიც კათნატუდან დაახლოებით 3 კმ-ის მანძილზე მდებარეობს.
კათნატუს საჯარო სკოლა ცხრა წლიანია. X-XII კლასების მოსწავლეები უკვე დიდი ხანია, რაც დიდ ხანჩალის ან ქალაქ ნინოწმინდის სკოლებში საკუთარი სახსრებით დადიან. დანარჩენი 22 მოსწავლე და 17 პედაგოგი სოფელ დიდ ხანჩალში მეორე ცვლით დადიან. ამის მიზეზია სკოლის ავარიული მდგომარეობა.
სკოლის შენობის კედლებზე ბზარია გაჩენილი. მოსახლეობის თქმით ეს გახშირებული მიწისძვრების გამოა. გარდა ამისა არსებობს მრავალი სხვა პრობლემა, როგორიცაა ავარიული ჭერი. ნინოწმინდის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან მიღებული ინფორმაციით, სკოლა ავარიულად ცნეს და დროებით დაკეტეს.
ამჟამად მოსწავლეები და სკოლის მთელი პერსონალი სამინისტროს მხრიდან გამოყოფილი ტრანსპორტით მიემართებიან სოფელ დიდ ხანჩალში და ბრუნდებიან უკან. აღსანიშნავია, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 38 სკოლიდან, 8 ცხრაწლიანია. ესენია სოფელ ეფრემოვკის, საღამოს, ვლადიმეროვკის, როდიონოვკის, სპასოვკის (სომხური), ყაურმის, პატარა არაქალისა და კათნატუს სკოლები. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფა თანხა მოსწავლეთა სხვა სკოლებში გადასაყვანად.
სოფელ კათნატუში ახალ ადგილას ახალი სკოლა აშენდება. სკოლის დირექტორის, სურენ მზიკიანის თქმით პროექტი უკვე შედგენილია, მხოლოდ ბიუჯეტის დადგენაა საჭირო, რათა გაირკვეს, თუ საიდან დაფინანსდება მშენებლობა.
ამის შესახებ უფრო დეტალურად სკოლის დირექტორთან ვისაუბრეთ.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტომ გამოაცხადა ტენდერი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში რიგი საჯარო სკოლების შენობების DB (დიზაინ ბილდის) კონცეფციით პროექტირება/მშენებლობასთან დაკავშირებით, რისთვისაც გამოყოფილია 54 416 333 ლარის ოდენობის თანხა. დოკუმენტში არ არის აღნიშნული, თუ რომელ სკოლებზეა საუბარი. თუმცა უნდა მომზადდეს პროექტი სკოლებისთვის, რომლებიც განკუთვნილია 30, 60, 90, 250, 300, 400, 650 მოსწავლეზე.
რადიო NOR-ი განათლების სამინისტროში არკვევს, თუ კონკრეტულად რომელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეეხება ეს პროექტი, და იქნება თუ არა ნუსხაში სოფელ კათნატუს სკოლა.