20 თებერვლის ღამის ქარბუქის გამო ნინოწმინდის რამდენიმე სოფლამდე მისასვლელ გზებზე მოძრაობა შეზღუდულია.
მუნიციპალიტეტის რიგი სოფლებისკენ მიმავალი გზები 21 თებერვლის 11:00 საათისთვის კარგ მდგომარეობაშია, თუმცა ზოგიერთ სოფელში ქარბუქის გამო გზები გადაკეტილია და ლიპყინულია წარმოქმნილი.
ნინოწმინდიდან სომხეთის რესპუბლიკის საზღვრამდე გზა თოვლისგან გასუფთავებულია, თუმცა მოყინული, რის გამოც მძღოლებს უჭირთ გადაადგილება. მუნიციპალიტეტის ამ ნაწილში მდებარე სოფელ სამებასკენ მიმავალი გზა გადაკეტილია.
ეშტიის სასოფლო თემისკენ გზა თავისუფალია, თუმცა ნაწილობრივ მოყინული. გზა გაწმენდილია ასევე სოფელ მამწვარამდე.
ასევე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან მიღებული ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, ამ დროისთვის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გზების სიტუაციბთან დაკავშირებით მერიაში სოფლების სპეციალისტები და წარმომადგენლები აცხადებენ. საავტომობილო გზებზე მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მთელი რიგი ღონისძიებები ტარდება. გზები იწმინდება თოვლისა და ყინულისგან.
მძღოლებს მოვუწოდებთ, დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები, იყვნენ ყურადღებიანი და ფრთხილები მართვის დროს, რათა თავიდან აიცილონ გაუთვალისწინებელი სიტუაციები და ავარიები.