ნინოწმინდის მერიის ადმინისტრაციული შენობა 2023 წელს გარემონტდება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 460 000 ლარის ოდენობის თანხაა გამოყოფილი.
როგორც ნინოწმინდის მერის მოადგილემ, არმენ ბდოიანმა ჩვენთან საუბრისას თქვა, რემონტი ეტაპობრივად ჩატარდება. დაიწყება სახურავის და მესამე სართულის რემონტით, რის შემდეგაც პირველი და მეორე სართული, ასევე ავტოფარეხი გარემონტდება.
სარემონტო სამუშაოები დაწყების შემდეგ 25 კვირაში უნდა დასრულდეს. ნინოწმინდის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში გვაცნობეს, რომ სარემონტო სამუშაოები დაიწყება მაშინ, როდესაც ამინდი ხელს შეუწყობს, რადგან პირველი ეტაპი სახურავის დემონტაჟსა და რემონტს გულისხმობს. კონკრეტული თარიღი სამუშაოების დაწყებისა ჯერ-ჯერობით უცნობია.
პროექტით გათვალისწინებულია მერიის შენობის სამივე სართულის დერეფნების იატაკებ – კერამოგრანიტით. შენობის სამივე სართულის ზოგ ოთახში იატაკები დაზიანებულია და ლამინირებული იატაკის დაგება იგეგმება.
პირველ სართულზე შესასვლელში დაცვის პოლიციის ოთახი იქნება გარემონტებული, ასევე ამავე სართულოზე მდებარე ეკონომიკის ინფრასტრუქტურის ოთახი ორ ნაწილად იქნება გაყოფილი და გაიხსნება ორი კარი შენობის შიდა მხრიდან. ასევე გათვალისწინებულია კარ-ფანჯრების შეცვლა, შიდა კედლების ნაწილობრივ მოხსნა, შეფითხვა და შეღებვა.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ იმუშავებს რემონტის პერიოდში მერია, დაიხურება შენობა, თუ ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას, ჩვენ მერის მოადგილეს, არმენ ბდოიანს გავესაუბრეთ, რომელმაც აღნიშნა, რომ შენობა არ დაიკეტება. მაგალითისთვის საკრებულოსა და სხვა სხდომები ამ პერიოდში ჩატარდება მერიის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე არსებულ სხდომათა დარბაზში.
მერიის შენობას გაარემონტებს ტენდერში გამარჯვებული შპს “ეი თი ვი”, რომელიც სამუშაოებს 424 333 ლარად შეასრულებს. ამჟამად მიმდინარეობს დეტალების დაზუსტების და ხელშეკრულებების მომზადება, რათა კომპანიამ შეძლოს ამ სამუშაოების ჩატარება.
კომოპანია “ეი თი ვი” დაფუძნებულია 2014 წლის აპრილში. უძღვება რიგ სამშენებლო სამუშაოებს, როგორიცაა ცენტრალური გათბობის სისტემის მონტაჟი, კაპიტალური რემონტი და რეკონსტრუქცია და სხვა.
დაფუძნების მომენტიდან ასრულებდა საგანმანათლებლო და სამოქალაქო შენობების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს. მოგებული კონტრაქტების მთლიანი ღირებულება შეადგენს 1 522 960 ლარი.
როგორც გამარჯვებული კომპანიის მიერ ტენდერზე წარდგენილ სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტშია ნახსენები, ერთიანად სადემონტაჟო და სარემონტო სამუშაოებზე დაიხარჯება 86 215 ლარი, რომელშიც შედის სანტექნიკური სამუშაოები, ელექტროობა, კერამოგრანიტის იატაკის მოწყობა, ლამინირებული იატაკისა და პლინტუსების მოწყობა, კედლებისა და ჭერის შეღებვა და სხვ. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის სახურავის რეაბილიტაციაზე – 71,430 ლარი, გათბობისა და შიდა საკანალიზაციო სისტემის მოწყობაზე – 128,965 ლარი, შენობის მთლიანად მოწყობაზე – 162,311 ლარი.
უფრო დეტალურად გასაწევი ხარჯების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ დოკუმენტში.
კრებსითი გაერთანებული by Radio NOR on Scribd