რას ფიქრობს ნინოწმინდის მოსახლეობა „უცხოური გავლენის აგენტების” კანონპროექტის შესახებ?

რას ფიქრობს ნინოწმინდის მოსახლეობა „უცხოური გავლენის აგენტების” კანონპროექტის შესახებ?

საქართველოში აპირებენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ, რომლის თანახმადაც ყველა მედია და ორგანიზაცია, რომელთა შემოსავლის 20% უცხოეთიდან შემოდის, ჩაითვლება უცხოეთის აგენტად. მსგავსი კანონი მოქმედებს პუტინის რუსეთში, რის შედეგადაც ქვეყანაში ფაქტობრივად გააქრეს კრიტიკული მედია და მესამე სექტორი. ამ კანონპროექტის მიზანია საქართველოში მოქმედი იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების „გაშავება“, რომლებიც აკრიტიკებენ და აკონტროლებენ ხელისუფლებას.

„ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების მიერ ჩამოყალიბებული მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა, რომლებიც დღემდე საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან, 14 თებერვალს განაცხადეს, რომ უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ კანონპროექტზე უკვე შეიმუშავეს და პარლამენტში ოფიციალურად უახლოეს დღეებში დაარეგისტრირებენ. ისინი საკანონმდებლო წინადადების მიღების აუცილებლობას უცხოური გავლენის აგენტების საქმიანობის გამჭვირვალობის აუცილებლობით ხსნიან. მათივე განმარტებით, ცვლილებები არ შეზღუდავს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის საქმიანობას.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოზე მომხსენებლებმა – კლოდ კერნმა და ედიტ ესტრელამ 16 თებერვალს მოუწოდეს ქართულ პოლიტიკურ პარტიებს არ მიიღონ „ხალხის ძალის“ მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შემუშავებული კანონპროექტი, რადგანაც მას „მსუსხავი ეფექტი“ ექნება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო სექტორისა და კრიტიკული მედია ორგანიზაციების დიდი ნაწილი, ასევე ბიზნეს-გრანტები ფინანსდება უცხოელი დონორების მიერ. რეგიონებში ასეთი გრანტებისა და ხანგრძლივი პერიოდით დაფინანსების შედეგად შექმნილია არაერთი სამოქალაქო (არასამთავრობო) და მედია ორგანიზაცია, რომლებიც ქვეყანაში პრობლემების მოგვარებაზე მუშაობენ.

„ხალხის ძალის“ კანონპროექტმა, რომელსაც უკვე მოჰყვა ადგილობრივი და საერთაშორისო კრიტიკა, 20 თებერვალს, პარლამენტის ბიუროს სავალდებულო ეტაპი წარმატებით გაიარა და იგი განსახილველად კომიტეტებს (იურიდიული, თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობათა) გადაეცათ. ბიუროს სხდომა მედიის წარმომადგენლების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. ისინი მოუწოდებდნენ დეპუტატებს არ მიიღონ „რუსული კანონი“.

რადიო NOR-ი ქალაქ ნინოწმინდის მოსახლეობას გაესაუბრა ამ კანონპროექის შესახებ. გაირკვა, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა კანონპროექტზე არაფერი იცოდა. რადიო NOR-ის ჟურნალისტებმა ინფორმაცია მიაწოდეს ამის შესახებ და ხალხის მოსაზრება გაიგეს.

გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა აპროტესტებს კანონპროექტს, რადგან, როგორც ისინი აცხადებენ, უცხოური ფონდებიდან, მათ შორის ევროპული და ამერიკული, საქართველოში დიდი რაოდენობის თანხა შემოდის, რაც ხელს უწყობს ადგილობრივების დასაქმებას, არაფორმალური განათლების მიღებას და კერძო სექტორის განვითარებას.

ზოგი ამბობს, რომ ყველაზე სტაბილური საქმე სოფლის მეურნეობაა და საზღვარგარეთ წასვლაზე ანდა იქიდან ფინანსების მიღებაზე ადამიანმა არ უნდა იფიქროს.

გამოკითხულთა ნაწილს მიაჩნია, რომ ეს მხოლოდ იურიდიულ პირებზე არ იმოქმედებს და თანდათან ფიზიკურ პირებზეც გადავა. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხალხის დიდ ნაწილს კი შემოსავალი რუსეთიდან აქვთ, რადგან ისინი სეზონურ სამუშაოებზე სწორედ ამ ქვეყანაში მიდიან.

დეტალები ჩვენს აუდო ჩანაწერში.

Radio NOR · რას ფიქრობს ნინოწმინდის მოსახლეობა „უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის შესახებ?