ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილების შესახებ. საქართველოს მთავრობის №97 დადგენილებით, არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებელი (ეთნიკური უმცირესობის ენების – აზერბაიჯანული და სომხური ენების მასწავლებლის გარდა), 2022-2023 სასწავლო წლის ბოლომდე, ინარჩუნებს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს.
2023 წლის განმავლობაში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე, პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსით რეგისტრაციის უფლება აქვთ მხოლოდ ეთნიკური უმცირესობის ენების – აზერბაიჯანული და სომხური ენების პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლებს.
ამავე დადგენილების მიხედვით, არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების ეთნიკური უმცირესობის ენების (აზერბაიჯანული და სომხური ენების) პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელსაც, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია დადასტურებული აქვს მინიმუმ 1 კრედიტქულაზე (დააგროვა მინიმალური ქულა), მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
რადიო NOR-ის აქტიურ მსმენელებს გაუჩნდათ კითხვები ამასთან დაკავშირებით, რის გამოც ინფორმაციის დასაზუსტებლად მივმართეთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს. ცენტრის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ აღნიშნული ცვლილება ეხება მხოლოდ იმ არაქართულენოვანი სკოლების პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც აზერბაიჯანული ან სომხური ენის გამოცდას ჩააბარებენ.
გარდა ამისა ცვლილების თანახმად არაქართულენოვანი სკოლების აზერბაიჯანული და სომხური ენების პრაქტიკოსი მასწავლებელი, 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე, ინარჩუნებს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს.
დეტალები ცვლილებებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ აქ.
აღსანიშნავია, რომ არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების ნაწილი ითხოვს, რომ 1-4 კლასების პედაგოგების ე.წ. კომბინირებული გამოცდა, რომელშიც შედის მშობლიური ენა, ბუნებისმეტყველება და მათემატიკა არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგებისთვისაც გახდეს ხელმისაწვდომი ეთნიკური უმცირესობების ენებზე (აზერბაიჯანული და სომხური ენები).