სომხური საგანმანათლებლო ფონდი იწყებს განაცხადების მიღებას სტიპენდიის მხარდაჭერის პროგრამაზე

სომხური საგანმანათლებლო ფონდი იწყებს განაცხადების მიღებას სტიპენდიის მხარდაჭერის პროგრამაზე

სომხურმა საგანმანათლებლო ფონდმა (AEF) სტუდენტების უმაღლესი განათლების დაფინანსების პროგრამისთვის განაცხადების მიღება დაიწყო. მსურველები განცხადის ფორმის შევსებას ფონდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 3 მაისამდე შეძლებენ.

სომხური საგანმანათლებლო ფონდი (AEF) უკვე 5 წელია, რაც საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი სტუდენტებისთვის სტიპენდიებს გასცემს. პირველი ორი წლის მანძილზე სამიზნე რეგიონს ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები წარმოადგენდა. ახლა ფონდი მთელი საქართველოს მასშტაბით (თბილისის გარდა) აფინანსებს ეთნიკურად სომეხ სტუდენტებს.

წლიური დაფინანსება თითოეული სტუდენტისთვის 2250 ლარს შეადგენს. როგორც სომხური საგანმანათლებლო ფონდის ჯავახეთის ფილიალის ხელმძღვანელი, ჰმაიაკ გრიგორიანი ამბობს, დაფინანსების მისაღებად საჭიროა განაცხადის შევსება ფონდის ვებ-გვერდზე და სამი საკონკურსო ეტაპის გავლა. განაცხადის შესავსებად გარკვეული დოკუმენტების წარდგენაა საჭირო. ეს დოკუმენტებია:

  • 3X4 ზომის ფოტოსურათი
  • პირადობის დამადასტურებელი საბუთი (ID ბარათი ან პასპორტი)
  • ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ
  • ინფორმაცია ოჯახის წლიური ხარჯების შესახებ (ელექტროენერგიის სახით: 2022 წლის ნოემბერი, დეკემბერი და 2023 წლის იანვარი თებერვალი მოხმარებული ელექტროენერგიის ქვითრები.)
  • ცნობა უნივერსიტეტიდან (სტუდენტის სტატუსის შესახებ)
  • ნიშნების ფურცელი უნივერსიტეტიდან და სხვ.

სტიპენდიის აღების შემდეგ გარკვეული ვალდებულებები ეკისრებათ. ისეთი, როგორიცაა მაგალითად, მოხალისეობრივი საქმიანობის 120 საათი ერთი აკადემიური წლის განმავლობაში, სემესტრის განმავლობაში უნივერსიტეტში მათი საშუალო ქულა უნდა აღემატებოდეს 75 ქულას და ა.შ.

ლაურა ანესიანი ერთ-ერთი იმ სტუდენტთაგანია, რომელმაც ფონდის დაფინანსება მიიღო 2020 წელს. ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. როგორც ლაურა გვიყვება ფონდმა მას მისცა საშუალება არა მხოლოდ უნივერსიტეტში უფასოდ სწავლის, არამედ ახალი მეგობრების შეძენისა და ცოდნის მიღების.

ლაურა ამჟამად ბევრ აქტივობებშია ჩართული, ისეთებში როგორიცაა სხვადასხვა საკითხების ადვოკატირება, ქველმოქმედება და გარემოს დაცვა.

უფრო დეტალურად დაფინანსების შესახებ ჰმაიაკ გრიგორიანი, სწავლის დაფინანსების შემდეგ მიღებული მოტივაციისა და შესაძლებლობების შესახებ კი ლაურა ანესიანი საუბრობენ.

Radio NOR · სომხური საგანმანათლებლო ფონდი იწყებს განაცხადების მიღებას სტიპენდიის მხარდაჭერის პროგრამაზე