როგორ ათავსებს ახალგაზრდა დედა უნივერსიტეტში სწავლას და ოჯახურ ცხოვრებას?

როგორ ათავსებს ახალგაზრდა დედა უნივერსიტეტში სწავლას და ოჯახურ ცხოვრებას?

ბევრი სტუდენტი სწავლის დროს სირთულეებს აწყდება, მაგრამ რა ხდება იმ დროს, როდესაც ის ასევე ახალგაზრდა დედაა? გაიცანით სირანუში, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტია, მიუხედავად იმისა, რომ დღის განმავლობაში იგი ასევე ზრუნავს თავის პატარაზე. ამ სტატიაში გაიცნობთ მას და გაიგებთ, თუ როგორ ახერხებს ის ოჯახზე ზრუნვას და უნივერსიტეტში წარმატებების მიღწევას.

სირანუშ დანდანიანი ახალგაზრდა ქალია, რომელიც უნივერსიტეტში სწავლობს და ამავე დროს არის ერთი წლის შვილის მზრუნველი დედა. ბევრი სხვა ახალგაზრდა დედის მსგავსად, სწავლისა და პირადი ცხოვრების დაბალანსების გამოწვევის წინაშე დგას, მაგრამ არ ნებდება. გამოცდების ჩაბარება შეიძლება განსაკუთრებით რთული იყოს, როდესაც ბავშვი ტირის და ყურადღებას ითხოვს, მაგრამ სირანუში რჩება მოტივირებული და მის ყველაზე დიდ მხარდაჭერად ოჯახს თვლის. იგი დარწმუნებულია, რომ შეძლებს მიაღწიოს დასახულ მიზნებს და გახდეს მაგალითი სხვა ახალგაზრდა ქალებისთვის, რომლებიც მსგავსი სირთულეების წინაშე დგანან.

სირანუშმა უნივერსიტეტში ჯერ კიდევ 2018 წელს ჩააბარა საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. იგი დაქორწინდა და შეეძინა ბავშვი მსოფლიოსთვის ყველაზე რთულ პერიოდში – COVID-19 პანდემიის დროს. პირველ პერიოდში ის ონლაინ სწავლობდა, სირთულეები დაიწყო მაშინ, როდესაც სწავლა აუდიტორიებში განახლდა.

სირანუშს ბევრი ურჩევდა, რომ “აკადემიური” აეღო ან დაეტოვებინა უნივერსიტეტი, რათა ყურადღება გადაეტანა ბავშვის აღზრდაზე. მაგრამ სირანუში უკან არ დახეულა და არ დაუკარგავს უმაღლესი განათლების მიღების მიზანი. პირველ თვეებში მას ეხმარებოდა მეუღლე, ოჯახის წევრები და გოგონები, რომლებთან ერთადაც თბილისში ცხოვრობდა. ისინი ეხმარებოდნენ ბავშვის მოვლაში, როცა სირანუში გაკვეთილებზე ან/და გამოცდებზე მიდიოდა.

დაწვრილებით აუდიო მასალაში.

Radio NOR · Как совмещать учёбу и семейную жизнь

სწავლისა და ოჯახზე ზრუნვის გარდა, სირანუში არის საქართველოს სტუდენტური პარლამენტის აქტიური წევრი, სადაც მონაწილეობს და ატარებს შეხვედრებს სხვადასხვა დარგის ექსპერტებთან. ის სომხური საგანმანათლებლო ფონდის დაფინანსებას იღებს, ახლახან კი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სტიპენდიაც მიიღო.

სირანუშს მიაჩნია, რომ შეუძლებელი არაფერია. „შესაძლებელია ოჯახური ცხოვრებისა და სწავლის ან სამუშაოს შეთავსება. ადამიანმა მხოლოდ უნდა მოინდომოს და ყველაფერს მიაღწევს. ბევრი ტოვებს სწავლას/სამსახურს, ოჯახის გამო, ზოგი ტოვებს ან არ ქმნის ოჯახს კარიერის გამო. მე ვფიქრობ, რომ ეს უკიდურესობებია, ამით ადამიანი თავის ცხოვრებას ამარტივებს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ოქროს შუალედის პოვნა და ისე ცხოვრება, როგორც ადამიანს უნდა. მინდოდა მესწავლა და ოჯახიც მყოლოდა გვერდით. მიუხედავად იმისა, რომ ადვილი არ იყო, გზა ვიპოვე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სხვებსაც შეუძლიათ. ” – ამბობს სირანუში.

ეს ისტორია არის ნამდვილი მაგალითი იმისა, რომ ყველაფერი შესაძლებელია. შრომისმოყვარეობა და თავდადება საკუთარი ოცნებების ასრულებისთვის არის ის, რაც სირანუშს წარმატებულ ადამიანად ხდის. მისი გამოცდილება ადასტურებს, რომ შესაძლებელია მიზნების მიღწევა, თუ არსებობს რეალური სურვილი.