მძიმე პირობები ნინოწმინდელებისთვის, რომლებიც დიალიზს გადიან

მძიმე პირობები ნინოწმინდელებისთვის, რომლებიც დიალიზს გადიან

ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას ჰემოდიალიზის ცენტრის არარსებობის გამო 90 კილომეტრამდე გზის გავლა უწევთ. ისინი კვირაში 2-3 ჯერ ახალციხეში დადიან ჰემოდიალიზზე, რის გამოც გარკვეულ პრობლემებს აწყდებიან.

ნინოწმინდიდან და ახალქალაქიდან 45-მდე ადამიანი თირკმლის უკმარისობის გამო საათ ნახევრიან გზას გადის კვირაში სამ ჯერ და შემდგომ სახლში ბრუნდება.

დღესდღეობით მათი ერთადერთი სათხოვარია ახალქალაქში ჰემოდიალიზის ცენტრის გახსნა.

ჰარუთიუნ სიმონიანი უკვე 2 წელია, რაც ახალციხეში დიალიზზე დადის. “ავად ვართ, სუსტად ვართ, მაქსიმუმ 20 კილომეტრი უნდა გავიარო, მაგრამ გვინდა თუ არა დღეში 180 კილომეტრს გავდივართ. გრძელი გზის გავლის შემდეგ ცუდად ვგრძნობთ თავს, 4 საათიანი დიალიზის შემდეგ კი უფრო სუსტად ვართ. სახლში მოსვლისას თითქოს მთვრალები ვიყოთ, მძღოლი გვაცილებს სახლებამდე. შემდეგ მადას ვკარგავთ, არაფრის ჭამა არ გვინდა. კარგი იქნებოდა თუ ახალქალაქში გახსნიდნენ ცენტრს. ეს ჩვენს მდგომარეობას შეამსუბუქებდა. შარშან შეგვპირდნენ, რომ ახალქალაქში ცენტრს გახსნიდნენ, თუმცა არანაირი სიახლე მას შემდეგ არ ყოფილა.” – ამბობს სიმონიანი.

როგორც იგი ჰყვება, ახალციხეში კვირაში სამ ჯერ დადის და ყოველთვის ერთობლივი ძალებით ტაქსის იძახებენ, 30-35 ლარს იხდის თითო ადამიანი. დიალიზი უფასოა, მაგრამ წამლებია ფასიანი. ისინი, ვინც ჰემოდიალიზზე დადიან, მერიის სოციალური პაკეტით სარგებლობენ და 2000 ლარის ოდენობის ერთჯერად დახმარებას იღებენ. თანხის ნახევარი პირველ კვარტალში, ნახევარი კი მეორეში გაიცემა. გასულ წელს ამ სოციალური პაკეტით 17-მა ადამიანმა ისარგებლა.

ჰარუთიუნ სიმონიანი დახმარებას და პირველი ჯგუფის ინვალიდობის პენსიას იღებს, მაგრამ ეს თანხა მაინც არ არის საკმარისი. მას ასევე შეუძლია მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა, თუმცა ამბობს, რომ წამლები, რომლებიც პროგრამაში შედის, მას არ შველის. იგი სხვა წამლებს ხმარობს.

ყველას, ვინც ჰარუთიუნთან ერთად ჰემოდიალიზზე დადის, თხოვნა აქვს, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ ყურადღება მიაქციოს ამ პრობლემას და რაიმე მოიმოქმედოს.

იმის გასარკვევად, აპირებენ თუ არა ჰემოდიალიზის ცენტრის გახსნას ახალქალაქში, ჩვენ დავუკავშირდით ალექსან თოროიანს, ახალქალაქის საავადმყოფოს ხელმძღვანელს. როგორც მან თქვა, 10 დღეში იქნება ცნობილი, თუ როდის გაიხსნება ცენტრი.

Radio NOR · Тяжёлые условия для людей из Ниноцминды, проходящих диализ