27 მარტს ნინოწმინდის ახალგაზრდულ ცენტრში ფოტოისტორიების კონკურსი გაიმართა.
2023 წლის 21 თებერვლიდან 27 მარტის ჩათვლით ცენტრის აქტივისტები, არტიომ ქოსიანი და სპირიდონ ბაგირიანი, USAID-ისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის პროექტის “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში თანატოლებს ფოტოგრაფიის ტრენინგებს უტარებდნენ. ერთთვიანი კურსის მანძილზე მონაწილეებმა შეისწავლეს ფოტოს გადაღების პრინციპები და ტექნიკები, რის შემდეგაც წარადგინეს საკუთარი ნამუშევრები ჟიურის წინაშე.
სულ იყო წარდგენილი 5 პროექტი: ელიზაბეტ სარაულის – “ძლიერი ქალი”, ვარდუჰი ხაჩატრიანისა და ნათელა მზიკიანის – “სოფელი დილითი”, არმან ქოსიანის – “ხელოსანი”, მილენა ბაბოიანის – “ყვავილების სათბური” და ასტღიკ ხნკოიანის, ანნა დანდანიანისა და რუზანა გოროიანის “წარმატებული მკერავის ისტორია”.
გამარჯვებულებს ჯილდო გადაეცათ, ხოლო დანარჩენ მონაწილეებს სპეციალური პრიზები.
კურსის ორგანიზატორები ამბობენ, ისინი მოკლე პერიოდში, ასეთ კარგ შედეგს არ ელოდებოდნენ. როგორც ჟიურიმ აღნიშნა, პროექტები ძალიან ემოციური იყო, თითოეული პროექტი უნიკალური იყო და ყველა მონაწილე ნამდვილად იმსახურებდა გამარჯვებას.
მონაწილეების სიტყვებით, ასეთი პროექტები საჭიროა, რათა ახალგაზრდებმა შეძლონ სხვადასხვა სფეროში საკუთარი თავის გამოცდა და სამომავლოდ სწორი სპეციალობის არჩევა. არტიომი და სპირიდონი ამბობენ, რომ თუ შესაძლებლობა ექნებათ პროექტს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც განახორციელებენ.
უფრო მეტი შეგიძლიათ გაიგოთ ჩვენს აუდიო-მასალაში.