რა მოგვცა უცხოეთში სწავლამ – სამი ახალგაზრდა ნინოწმინდიდან ევროპასა და ამერიკაში განათლების მიღებაზე

რა მოგვცა უცხოეთში სწავლამ – სამი ახალგაზრდა ნინოწმინდიდან ევროპასა და ამერიკაში განათლების მიღებაზე

სედა არზუმანიანი ნინოწმინდიდან აშშ-ში 2022 წელს პროგრამა FLEX-ის მეშვეობით გაემგზავრა და მე-12 კლასი მიჩიგანის შტატში, ქალაქ რელენდის სკოლაში დაამთავრა.

შტატებში ცხოვრების შემდეგ სედა მიხვდა, რომ ყველაზე მეტად იქ ხალხის თავისუფლება მოსწონდა, თვითონაც უფრო კომუნიკაბელური და თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი გახდა. იმის გამო, რომ მომავალი ორი წელი აშშ-ში ვეღარ გაემგზავრება, სედამ გადაწყვიტა, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბაროს, მომავალში კი კარიერის შტატებში გაგრძელებას არ გამორიცხავს.

ნინოწმინდიდანაა ანი ელოიანიც, რომელიც ესპანეთში, კასტილა-ლა მანჩას ინსტიტუტში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სწავლობდა. ანი ესპანეთში Erasmus+ -ის გაცვლითი პროგრამით მოხვდა. ამბობს, რომ სწავლის პერიოდში სერიოზული პრობლემები არ შექმნია, რადგან უნივერსიტეტიცა და მისი თანამშრომლებიც ყოველთვის მზად იყვნენ უცხოელი სტუდენტების დასახმარებლად.

კიდევ ერთი ნინოწმინდელი ანი ვარდანიანი სასწავლებლად გერმანიაში 2016 წელს Au Pair პროგრამით გაემგზავრა. IAPA არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ახალგაზრდული, სტუდენტური, საგანმანათლებლო, საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების დამფუძნებელი ორგანიზაცია, რომელიც 1994 წელს დაარსდა და ევროპასა და აშშ-ში სამუშაო და სასწავლო პროგრამებს ახორციელებს.

„გერმანიამ დამოუკიდებლობა და სიძნელეებთან გამკლავება მასწავლა,“ – ამბობს ანი, რომელმაც წასვლამდე გერმანული არ იცოდა, თუმცა ერთ წელიწადში ისწავლა და უნივერსიტეტშიც ჩაირიცხა.

კითხვაზე, რას ისურვებდა საქართველოში სტუდენტებისთვის, ანი გვეუბნება, რომ დასაქმების შესაძლებლობას, რათა ევროპული ქვეყნების მსგავსად, საქართველოში შეეძოთ სტუდენტებს სწავლის ხარჯების დამოუკიდებლად დაფარვა.

სედა არზუმანიანი, ანი ელოიანი და ანი ვარდანიანი რადიო „ნორის“ სტუმრები არიან და ჩვენს გადაცემაში დასავლეთის ქვეყნებში განათლების მიღების მნიშვნელობასა და უპირატესობებზე საუბრობენ.

სამივე მათგანი აღნიშნავს, რომ დასავლეთის ქვეყნებში სწავლის ყველაზე დიდი უპირატესობა გლობალურად აღიარებული მაღალი ხარისხის განათლების სისტემების ხელმისაწვდომობაა.

Radio NOR · Արեւմտյան Երկրներում Կրթություն Ստանալու Առավելությունները.MP3

გარდა ამისა, დასავლეთის ქვეყნებში სტუდენტებს შეუძლიათ სხვადასხვა კულტურისა და პერსპექტივების გაცნობაც, რაც ახალგაზრდებს კულტურული ცნობიერების ამაღლებაში ეხმარება და მრავალფეროვნების პატივისცემას ასწავლის.

ანიც, სედაც და ანიც ხაზს უსვამენ, რომ დასავლეთის ქვეყნებში განათლება უკეთეს სამუშაოსა და უფრო მაღალ ხელფასსაც ნიშნავს და წარმატებულ კარიერასაც.