სოფ. ყაურმის სკოლის მოსწავლეებმა ნინოწმინდის ბიბლიოთეკაში ქართული ენის დღე აღნიშნეს

სოფ. ყაურმის სკოლის მოსწავლეებმა ნინოწმინდის ბიბლიოთეკაში ქართული ენის დღე აღნიშნეს

ქალაქ ნინოწმინდის საბავშვო ბიბლიოთეკაში, 12 აპრილს, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება სოფელ ყაურმის საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელმა ლია ტონოიანმა მოაწყო.

ადგილზე მყოფმა ნინოწმინდის მერიის კულტურის, სპორტისა და განათლების სამსახურის უფროსმა, ლევონ ვარდანიანმა ბავშვებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა და თანადგომა და მადლიერება გამოხატა ბავშვების ქართული ენის შესწავლის მისწრაფების მიმართ. ღონისძიებას ბიბლიოთეკის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.

ყაურმის სკოლის ქართული ენის ერთ-ერთმა მასწავლებელმა თეონა ლომიტაშვილმა აღნიშნა, რომ ბავშვები ძალიან ნიჭიერები არიან და დიდი ინტერესით სწავლობენ ქართულ ენას. „მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაციის დროს ენობრივი ბარიერი გვაქვს, რადგან სომხური არ ვიცი, ბავშვებს დიდი სურვილი აქვთ ისწავლონ და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ქართულად ისაუბრონ. ვფიქრობ, ეს კარგი შედეგია.”- ამბობს ის.

Radio NOR · თეონა ლომიტაშვილი 14 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიების შესახებ

14 აპრილი ქართული ენის დღეა. ეს დღე 1978 წლის მოვლენების ხსოვნის ნიშნად დაწესდა. იმ დღეს თბილისში გაიმართა მასობრივი გამოსვლები მშობლიური ენის დასაცავად, რის წყალობითაც ქართულმა ენამ შეინარჩუნა სახელმწიფო ენის სტატუსი საქართველოს სსრ კონსტიტუციაში.