ახალგაზრდა ლიდერები ნინოწმინდიდან: სწავლა, სამუშაო და საზოგადოებრივი საქმიანობა

ახალგაზრდა ლიდერები ნინოწმინდიდან: სწავლა, სამუშაო და საზოგადოებრივი საქმიანობა

თანამედროვე საზოგადოებაში სწავლისა და სამსახურის შეთავსება საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. სტუდენტები, რომლებიც მუშაობენ, უფრო მეტი ამოცანისა და დაბრკოლების წინაშე დგანან, რის გამოც სწავლისა და პროფესიული საქმიანობის შორის ბალანსის შენარჩუნება უწევთ.

სტუდენტების უმრავლესობისთვის სამსახური ის გასაღებია, რომელიც ეხმარება მათ სწავლის ხარჯებისა და ძირითადი საჭიროებების უზრუნველყოფაში. მეორე მხრივ კი, სამსახურისა და სწავლის შეთავსება მათთვის შესაძლოა რთული პროცესი აღმოჩნდეს.

დიანა მოსოიანი და არტიომ ქოსიანი ნინოწმინდელი ის სტუდენტები არიან, რომლებმაც წარმატებით შეძლეს ამ გამოწვევასთან გამკლავება. ისინი არა მხოლოდ განათლებას იღებენ, არამედ აქტიურად მუშაობენ საკუთარ პროფესიულ სფეროში, რაც უფრო მეტად უწყობს მათ ხელს კარიერულ წინსვლაში. მათი ისტორიები, რომლებსაც ახლა წაიკითხავთ, შესაძლოა ბევრი სტუდენტისთვის შთაგონებად და მოტივაციად იქცეს.

22 წლის დიანამ 2018 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა. იგი ბავშვობიდან ოცნებობდა, რომ ბუღალტრად ემუშავა და სპეციალობის არჩევისას სწორედ ამ ოცნების შესრულებას ისახავდა მიზნად.

დიანამ ნინოწმინდაში რუსული სკოლა დაამთავრა, რამაც პრობლემა შეუქმნა მას გამოცდების ჩაბარების დროს, რადგან ეთნიკური უმცირესობებისთვის განკუთვნილი 4+1 პროგრამის ფარგლებში, მას სომხურ ენაზე უნდა ჩაებარებინა ზოგადი უნარების გამოცდები. ენობრივი ბარიერის გამო მას 1 ქულა დააკლდა იმისათვის, რომ უფასო ფაკულტეტზე ესწავლა, თუმცა მალევე მან შეიტყო სომხური საგანმანათლებლო ფონდის შესახებ, საიდანაც ახლა დაფინანსებას იღებს.

ამ დაფინანსებამ მნიშვნელოვნად შეცვალა დიანას ცხოვრება, რადგან ახლა მას არ უწევდა ფიქრი სწავლის საფასურის გადახდის შესახებ. ის უფრო ჩაუღრმავდა სწავლას და მეორე კურსიდან ძირითადთან ერთად, სხვა პროფესია – პედაგოგიკაც აირჩია. “ბავშვებთან ერთად დროის გატარება და მათთან კომუნიკაცია ძალიან მომწონს. მსურს მოსწავლეებისთვის საგნის სწავლების დროს თანამედროვე მეთოდები გამოვიყენო და გავხდე მაგალითი არა მარტო მოსწავლეებისთვის, არამედ ჩემი კოლეგებისთვისაც,” – ამბობს ის.

ახლა დიანა მე-4 კურსზე სწავლობს და ამასთან ერთად მუშაობს “დანკინ დონატს”-ის რესტორანში. მიუხედავად იმისა, რომ მისი ამჟამინდელი საქმიანობა არჩეულ პროფესიას არ შეესაბამება, იგი ფიქრობს, რომ მუშაობა აუცილებელია. “რთულია თავი გაიტანო დიდ ქალაქში სამსახურისა და შემოსავლის გარეშე. მე მჭირდებოდა საკუთარი შემოსავალი, რათა არ მეთხოვა თანხა მშობლებისთვის. ერთ დღეს ვნახე ვაკანსია და არც კი დავფიქრდი იმაზე, შეესაბამებოდა თუ არა ჩემს პროფესიას, ისე გავაგზავნე ჩემი რეზიუმე. ორ საათში დამიკავშირდნენ და გასაუბრებაზე დამიბარეს, მეორე დღიდან კი სამსახურში ამიყვანეს,” – ამბობს დიანა.

“მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ადგილას მიმუშავია მანამდეც, ტრენინგებზე მივლია და ქართველებთან მქონია კომუნიკაცია, მაინც გამიჭირდა პირველ კვირას. ვფიქრობდი, რომ ვერ შევძლებდი აქ მუშაობის გაგრძელებას, რადგან ძალიან რთული მეჩვენებოდა ყველაფერი. ვხედავდი ჩემი კოლეგები როგორ საუბრობდნენ ერთად, როგორი გახსნილები და პოზიტიურები იყვნენ, მე კი ძალიან მერიდებოდა და არ ვიყავი იმდენად გახსნილი, რომ შემეძლო მათთან ასეთივე ურთიერთობების დამყარება. ქართული ახლა კარგად ვიცი, მაგრამ მეშინოდა, რომ რაიმე არასწორად არ მეთქვა და არ საუბრობდი. თუმცა კოლეგებმა მხარი დამიჭირეს და ეს სირთულეც დავძლიე და გადავწყვიტე, რომ ყველა პრობლემას, ყველა დაბრკოლებას მაინც გადავლახავდი და ასეც მოვიქეცი. ახლა ნახევარ წელზე მეტია რაც ვმუშაობ აქ. “

როგორ უთავსებს დიანა სწავლასა და სამუშაოს ერთმანეთს, ამაზე მოუსმინეთ ჩვენს აუდიო-ჩანაწერში.

Radio NOR · Молодые лидеры Ниноцминды: учеба, работа и общественная деятельность.

გარდა სწავლისა დიანა აქტიურადაა ჩართული თავისი ქალაქის განვითარების პროცესებში. ის სხვადასხვა სახის ტრენინგებშია ჩართული, რომლების ფარგლებშიც ჰქონია შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ელჩებთან, ჩაუტარებია მოხალისეობრივი სამუშაოები და დახმარებია ადგილობრივ მოსახლეობას.

ჩვენი მეორე რესპონდენტია 19 წლის არტიომ ქოსიანი, რომელიც ასევე ნინოწმინდიდანაა. ის ახლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსის სტუდენტია. არტიომი მედია სფეროში მუშაობს. იგი უკვე 9 თვეა, რაც თბილისში სომხურენოვან “ალიქ მედია”-ში ფოტო-ვიდეო ოპერატორად მუშაობს. გარდა ამისა, მეგობრებთან ერთად ღონისძიებებია და დღესასწაულებზე ფოტო-ვიდეო გადაღებებს აწარმოებს.

როგორც არტიომი ამბობს სამსახურში არსებული გრაფიკი მას ხელს უწყობს იმაში, რომ უნივერსიტეტში ლექციებს დაესწროს. ხანდახან ხდება ისე, რომ ლექციებს აცდენს სამსახურის გამო, თუმცა პრობლემებს არ აწყდება, რადგან მომზადებას ლექციებისთვის მაინც ასწრებს. “ძირითადად უნივერსიტეტის შემდეგ ვმუშაობ, თუ რაიმე სასწრაფო გადასაღები სიუჟეტი არ გამოჩნდა, ამიტომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს.” – ამბობს ის.

არტიომი გარდა მედიის სფეროში მუშაობისა, ნინოწმინდის ახალგაზრდული ცენტრისა და GIPA MediaLab პროგრამის აქტიური მონაწილეა. მან მეგობართან ერთად ორ თვიანი ფოტოგრაფიის კურსი ჩაუტარა ახალგაზრდული ცენტრის სხვა მონაწილეებს, რომლის შემდეგაც მათ საკუთარი ნამუშევრები წარადგინეს ფოტოისტორიების კონკურსზე. გარდა ამისა ატარებს ტრენინგებს სხვადასხვა თემებზე და ადგილობრივ ახალგაზრდებს აქტუალურ საკითხებს აცნობს.

არტიომი დარწმუნებულია, რომ გამოცდილება, რომელსაც სტუდენტი მუშაობის დროს იძენს, მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე მხოლოდ თეორიულად მიღებული ცოდნა. “მართალია, თეორიის გარეშე პრაქტიკა გარკვეულ საკითხებში ვერ დაგეხმარება, მაგრამ მაინც უმჯობესია აქცენტის პრაქტიკაზე გაკეთება.

“სხვა სტუდენტებსაც ვურჩევდი, რომ სწორედ სტუდენტობის დროს დაიწყონ მუშაობა, რადგან ეს გარკვეულწილად მშობლების ხარჯებსაც შეამსუბუქებს და ინტეგრაციასა და ენის სწავლასაც შეუწყობს ხელს. მე, მაგალითად, სხვადასხვა ხალხთან მიწევს კომუნიკაცია, რაც ხელს მიწყობს, რომ ქართული უფრო კარგად და ადრე ვისწავლო,” – ამბობს არტიომი.

ორი ამბიციური ახალგაზრდა ნინოწმინდიდან აგრძელებს წინსვლას. დიანაც და არტიომიც იმის მაგალითები არიან, რომ ასაკი და სტატუსი მიზნების მისაღწევად დაბრკოლებას არ წარმოადგენენ.