მართვის მოწმობის აღების პროცესი რთულდება – ნინოწმინდელების აზრი

მართვის მოწმობის აღების პროცესი რთულდება – ნინოწმინდელების აზრი

შემოდგომის დასაწყისიდან საქართველოში მართვის მოწმობის აღება გართულდება. მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან გამოცდების ჩატარების ახალი წესები ამოქმედდება, რაც მართვის მოწმობის აღების პროცესს უფრო შრომატევადს გახდის.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მართვის მოწმობის აღების გამოცდის პრაქტიკული ნაწილის მეორე ეტაპზე, ავტომობილის მართვამდე სავალდებულო იქნება ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება. მოთხოვნა გულისხმობს გამომცდელის დავალების შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე მძღოლობის კანდიდატის მიერ პასუხის გაცემას ვიზუალურად ჩვენებით, შესაბამისი ხელსაწყოს გამოყენებით ან სხვა მოქმედებით ან/და ზეპირად.

ამასთან დაკავშირებით რადიო NOR-ის ჟურნალისტებმა ამ თემაზე მოსაზრებების მოსასმენად ქალაქ ნინოწმინდის მოსახლეობას მიმართეს. ზოგიერთი მცხოვრები მიიჩნევს, რომ წესების გამკაცრება კარგია, რადგან ეს აუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას და რომ ყველა კანდიდატი მზად უნდა იყოს გამოცდების ჩასაბარებლად კარგ ტრანსპორტში და იცოდეს მოძრაობის წესები. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც თვლიან, რომ ახალი წესები ზედმეტია და ხელისუფლებამ მართვის მოწმობის აღების პროცესი საზოგადოებისთვის უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახადოს, რადგან ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

ნინოწმინდასა და ახალქალაქის ტერიტორიაზე არ არის ავტოსკოლები, სადაც მოსახლეობას შეუძლია ისწავლოს მართვა ხელმისაწვდომ ფასად. ახლა მათ ახალციხეში უწევთ წასვლა, რათა არა მხოლოდ გამოცდა ჩააბარონ, არამედ შესაბამისი ცოდნაც მიიღონ.

მეტი ჩვენს აუდიო მასალაში.

Radio NOR · 2023 წლიდან მართვის მოწმობის აღების პროცესი რთულდება