მოასფალტების სამზადისი მეგობრობის ქუჩაზე – მოსახლეობა წინააღმდეგია

მოასფალტების სამზადისი მეგობრობის ქუჩაზე – მოსახლეობა წინააღმდეგია

20 აპრილიდან ნინოწმინდაში დაიწყო მეგობრობის ქუჩის ასფალტირებისთვის საჭირო სამზადისი. ამას ადგილობრივების უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი ქუჩაზე რაიმე სახის სამუშაოების ჩატარების წინააღმდეგნო არიან.

სამუშაოების დაწყების დღიდან სამოქალაქო აქტივისტმა, სოცკარ ფუთულიანი (რომელიც მეგობრობის ქუჩის პარალელურად, ჩარენცის ქუჩაზე ცხოვრობს) ფეისბუქში წერს, რომ: “მოსახლეობას აცნობეს – მეგობრობის ქუჩის მონაკვეთის მოასფალტება და ცალმხრივი ტროტუარი იგეგმება… <…> რატომ არ იყო გაყვანილი ცენტრალური წყალსადენი, კანალიზაცია ან/და გაზსადენი ასფალტირების დაწყებამდე? <…> რატომ არ ჩატარდა შეხვედრები ქუჩის მკვიდრთან, მათი საჭროებებისა და მოთხოვნების მოსასმენად?”

რადიო NOR-ი ადგილზე შეეცადა სიტუაციის გარკვევას. ჩვენ სოცკარ ფუთულიანსა და ქუჩის სხვა მცხოვრებლებს შევხვდით და მოვისმინეთ მრავალი წუხილი არსებული პრობლემებისა და მოთხოვნების შესახებ.

რას ამბობს მოსახლეობა?

წვიმისა და მდნარი თოვლის წყალი ჩაედინება მოსახლეობის ეზოებსა და სარდაფებში. ნალექი იმდენად დიდი ოდენობითაა, რომ არც კი იწრიწება. ხალხის ნაწილს სურს ეზოს შემოღობვა, მაგრამ ამოთხრილ საძირკველში დაგროვილი წყლის გამო ვერ ასრულებს სამუშაოებს, რაც ნათლივ ჩანს მოცემულ ფოტოში.

ისინი ამ პრობლემას სადრენაჟო არხების არარსებობას უკავშირებენ. როგორც სოცკარ ფუთულიანი ამბობს, სადრენაჟო არხის გაყვანა საჭიროა მრგვალ ტბამდე. მეგობრობის ქუჩაზე მცხოვრები არმენუჰი ფუთულიანი, რომელიც ასევე წინააღმდეგია ასფალტის დაგებისა, გვეუბნება, რომ სოფლებში საკმაოდ კარგადაა მოწყობილი სანიაღვრე არხები, ქალაქში კი წყალი, რომელიც აღმართიდან ჩამოედინება, ეზოებში, სარდაფებსა და საცხოვრებელ სახლებში ჩადის.

“სანამ სანიაღვრე არხების პრობლემა არ იქნება მოგვარებული, ჩვენ აქ ასფალტის დაგების წინააღმდეგნი ვიქნებით!” – აცხადებს არმენუჰი ფუთულიანი, მეგობრობის ქუჩის მკვიდრი.

ქუჩის მოსახლეობამ, წყლის გამო დაზიანებული სახლების რემონტისთვის, ბეტონის დაგებისა და სხვა სამუშაოებისთვის ამ დროისთვის 5’000-15’000 ლარამდე დახარჯა. ისინი თვლიან, რომ ასფალტის დაგება ასეთ სიტუაციაში არ არის მისაღები, რადგან გზა კიდევ უფრო ამაღლდება და ეზოებში უფრო მეტი წყალი ჩავა.

აღსანიშნავია, რომ მცხოვრებლებმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიას წერილით მიმართეს, საკუთარი ქუჩის ბოლომდე ასფალტირებისა და ორ მხარეზე სადრენაჟო არხების გაყვანის მოთხოვნით, რაზეც პასუხი მიიღეს, რომ “მოთხოვნაზე ყურადღებას გაამახვილებენ”.

უფრო დეტალურად ამის შესახებ ჩვენს აუდიო მასალაში.

Radio NOR · Asfalt

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის პასუხი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, არმენ ბდოიანი ამ საკითხთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მეგობრობის ქუჩის მხოლოდ იმ ნაწილზე იქნება დაგებული ასფალტი, რაც მითითებულია პროექტში.

კითხვაზე, თუ რატომ არ არის გათვალისწინებული მთლიანი ქუჩის ასფალტირება, ბდოიანმა გვიპასუხა, რომ ქუჩის მეორე მხარეს, სადაც ასფალტის დაგება არაა დაგეგმილი, ტერიტორიის ნაწილი ამჟამად კერძოდ ითვლება, რის გამოც სამუშაოების ჩატარება აქ ჯერ-ჯერობით შეუძლებელია.

მეგობრობის ქუჩის მოასფალტება შედის 2 მილიონიან ტენდერში, რომლის ფარგლებშიც ქალაქის სხვა ქუჩების რეაბილიტაციაც ხორციელდება. მთლიანად დაიხარჯება 2’163’000 ლარი 10 ლოკაციის ასფალტისთვის. პროექტი შედგენილია შპს “მ-პროექტის” მიერ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიასთან 2021 წლის 17 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. პროექტი ითვალისწინებს მეგობრობის ქუჩის 237 მეტრის მანძილის ასფალტირებას, რისთვისაც გამოყოფილია 192 577 ლარი.

სამუშაოების დიდი ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხოლო 5% ადგილობრივიდან. სამუშაოებს, ტრადიციულად, კომპანია “ჯავახავტოგზა” ასრულებს.

გარდა ამისა გამოცხადებულია ტენდერი მეგობრობის ქუჩიდან, კეცხოველის ქუჩამდე მონაკვეთის მოასფალტებისთვის. ამისათვის გამოყოფილია  515’660 ლარი.

ქუჩის ამ მონაკვეთზე უკვე წლებია, რაც სამშენებლო ნაგავი ყრია. ნაგავთან დაკავშირებით არმენ ბდოიანმა მოგვიყვა, რომ ნაგავი “კერძო ტერიტორიებზე ყრია და ეს ადამიანები გაფრთხილებულნი არიან, რომ დაასაუფთავონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაჯარიმდებიან”.

ამ კერძო ტერიტორიებზე დაყრილი სამშენებლო ნარჩენებია: ჰაიოს-ქართლოსის პარკის ყოფილი ქვის ღობე, ხის ფესვები, გზებისა და სკოლების რემონტის დროს შემორჩენილი ნარჩენები და სხვ.