ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რძე გაუფასურებას აგრძელებს. პროდუქტის გაიაფება უკვე დიდი ხანია, რაც ხალხში ხმაურს იწვევს.
ადრე 1 ლიტრი რძის საბითუმო ფასი 1.80 ლარი იყო, მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან კი ადგილობრივმა რძის გადამამუშავებელმა საწარმოებმა ფასი 1.60 ლარამდე დასწიეს. ამჟამად რძის ფასი სულ უფრო და უფრო დაბლა იწევს (მაისიდან 1 ლიტრი 1.40 ლარი ღირს). რძის გადამამუშავებლები არ გამორიცხავენ რძის უფრო მეტად გაიაფებას, რაც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მეცხოველეების უკმაყოფილებას აღვივებს.
სოფელ თორიის მოსახლეობა უკვე მეორე დღეა, რაც არ აბარებს რძეს. ისინი ფასის გაზრდას ითხოვენ. აცხადებენ, რომ ამჟამინდელი ფასი თვითღირებულებასაც კი არ ფარავს.
სოფელ ეშტიის ერთ-ერთმა მცხოვრებმა განაცხადა: – “სახელმწიფო ჩვენ არანაირ ყურადღებას არ გვაქცევს. არჩევნების დროს ჩვენ ახლანდელ მთავრობას დავუჭირეთ მხარი, ახლა კი მათი ჯერია, რომ სოფლად მცხოვრებ ხალხს შეუწყონ ხელი. სოფლის მეურნეობის, სკოლაში მუშაობის ან პენსიაზე გასვლის გარდა სოფელში ხალხს სხვა შემოსავალი არ აქვს. როგორ უნდა ვიცხოვროთ?”.
რადიო NOR-თან საუბრისას ერთ-ერთი რძის გადამამუშავებელი ქარხნის მფლობელმა, სამველ დარბინიანმა თქვა: – “რძის ფასების ვარდნა ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ბაზარზე რძის პროდუქტების სტაგნაციას ( ანუ შეფერხებას, უძრაობას) ვაკვირდებით, რაც იწვევს ფასების კლებას. თბილისში, მაგალითად, ყველი 4-6 ლარით გაიაფდა, რაც, ბუნებრივია, რძის ღირებულებაზეც აისახება”.
დეტალები ჩვენს აუდიოჩანაწერში.