ნინოწმინდელი ჯემმა საჰაკიანი ქალაქის #1 საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ, უმაღლესი განათლების მისაღებად თბილისში გადავიდა. ჯემმამ ჩააბარა ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე, სადაც 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსებაც მიიღო.
როდესაც სადოქტორო პროგრამაზე ჩააბარა, იმისათვის, რომ დისერტაცია უკეთესი ყოფილიყო, იგეგმებოდა ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა. ამის გამო ჯემმა იყო რუმინეთში, ახლა კი იტალიის პალერმოს უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის განყოფილების ასისტენტ-პროფესორია და პარალელურად ასპირანტურის მესამეკურსელი.
გოგონა ატარებს კვლევას საქართველოში ორგანული ღვინის მოხმარების დონის შესახებ. ის არის ერთ-ერთი იმ ეთნიკურად სომეხ სტუდენტთაგანი საქართველოში, რომელიც თავისი მაგალითით აჩვენებს, რომ ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა შეიძლება ბევრი შრომით.
ჯემმამ მაგისტრატურაზე სწავლის დროს “ერასმუს+” გაცვლით პროგრამაში მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც ერთი სემესტრი ალენის უნივერსიტეტში ისწავლა. საქართველოში დაბრუნებისას, სწავლის პარალელურად მან ოფის მენეჯერად დაიწყო მუშაობა.
ამასობაში ჯემმა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილობისთვისა და ევროპის ქვეყნებში (იტალია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, რუმინეთი, ესპანეთი და სხვ.) მოგზაურობისთვისაც პოულობს დროს.
ახალგაზრდა ამბობს, რომ ზოგადად ცხოვრების დონე და მუშაობის სტილი ევროპაში განსხვავდება საქართველოსგან. ის ასევე აღნიშნავს, რომ ევროპაში ადამიანის უფლებები ბევრად უფრო დაცულია და ნდობის ფაქტორი გაცილებით მაღალია.
ბოლოს კი ჩვენმა გმირმა დასძინა „იმედია იტალიაში დაგროვილ გამოცდილებას მიზნების მისაღწევად გამოვიყენებ“.
ნარინე მხითარიარიანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძიდანაა. სოფლის სკოლაში მასწავლებლად მუშაობს, თუმცა ფინანსური საჭიროებების გამო 2020 წელს სამუშაოდ პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში გაემგზავრა. სამსახური მან ინტერნეტით იპოვა, თუმცა მალევე გაუცრუვდა იმედი. ის ფაქტის წინაშე დადგა. ჰყვება, რომ პოლონეთში ჩასვლისას არამარტო არავინ დახვდა, არამედ სამსახურიც არავინ მისცა. ნარინე იქ მარტო არ ყოფილა და ხუთდღიანი ხეტიალის შემდეგ ინტერნეტში ისევ იპოვა სამსახური, რომელიც, მის სასიხარულოდ, რეალობას შეესაბამებოდა.
ნარინემ ჯგუფთან ერთად გერმანულ ხორცის ქარხანაში დაიწყო მუშაობა. “რთული სამსახური არ იყო, მაგრამ დიდი ხანი ვმუშაობდით. სამუშაო საათები დილის ოთხ საათზე იწყებოდა და საღამოს შვიდამდე გრძელდებოდა. დამსაქმებელმა საცხოვრებელი უზრუნველჰყო, მაგრამ კვების ხარჯი ჩვენზე იყო, რაც ძალიან ძვირი ღირდა. მიღებული ანაზღაურების მნიშვნელოვანი ნაწილი კვებაზე გვეხარჯებოდა”, – იხსენებს ის.
სამსახურითაც და ანაზღაურებითაც კმაყოფილები დარჩნენ. ნარინე ამბობს, რომ ასეთი ქარხნები ჩვენთან ახლოს, რეგიონში ან თუნდაც საქართველოს სხვა ქალაქებში რომ არსებობდეს, შედარებით ნაკლები ანაზღაურებაც რომ იყოს, უცხოეთში გამგზავრება არავის მოუნდება. ფიქრობს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ისევ წავა სამუშაოდ, თუმცა იმ პირობით, რომ კონკრეტული დამსაქმებელი ჰყავდეს, “რათა ისევ არ მომიწიოს აქა-იქ ხეტიალიო”.
“უცხოეთის ყველაფერი შორიდან კარგად გამოიყურება. ვფიქრობთ რომ სხვა ქვეყანაში გადასვლის შემდეგ უკეთესად ვიცხოვრებთ, სანამ რეალობის წინაშე არ ვდგებით”, – ამბობს ნარინე.
პოლონეთის სამუშაო გამოცდილება ნარინესთვის პირველი არ არის, ის ავსტრიაშიც ყოფილა და ამბობს, რომ იქ უფრო მეტს იხდიან, მაგრამ იქ სამუშაოც რთულია. პოლონეთში სამუშაო ვიზის აღება უფრო ადვილია.
ევროპაში სამუშაოდ იგი საჭიროების გამო გაემგზავრა. ხუთი სამუშაო დღე ხორცპროდუქტების ქარხანაში მუშაობდა, შაბათობით კი საათობრივი ანაზღაურებით მონაწილეობდა მოსავლის აღებაში. ნარინე ამბობს, რომ კომუნიკაციის ძირითადი ენა რუსული იყო, იმათ ვინც არ იცოდა, დამსაქმებლები უკან აბრუნებდნენ.
ნარინე ამბობს, რომ მასწავლებელია და ამდენი ფული საქართველოში არასდროს გამოუმუშავებია.
ბოლოს მან დაამატა, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც აპირებენ სამუშაოდ ევროკავშირის ქვეყნებში, ყურადღება უნდა მიაქციონ პუნქტუალობას. ევროპაში პუნქტუალური ადამიანები უყვართ.