როგორ აისახება რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოზე – ინტერვიუ ექსპერტთან

როგორ აისახება რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოზე – ინტერვიუ ექსპერტთან

რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. სავიზო რეჟიმი გაუქმდა 15 მაისიდან და საქართველოს მოქალაქეებს 90 დღემდე ვადით შეეძლებათ რუსეთში უვიზოდ ჩასვლა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 10 მაისს, გამოსცა კიდევ ერთი ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც, ხელმოწერისთანავე გაუქმებულია საქართველოსთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტის გადაწყვეტილება.

საქართველოს მოქალაქეების აზრი ამასთან დაკავშირებით ორად გაიყო.

რადიო NOR-ი გაესაუბრა გია ჯაფარიძეს, საქართველოს უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ლექტორს. კითხვაზე, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს პუტინის მიერ გადადგმულმა ამ ნაბიჯმა საქართველოზე, მან გვიპასუხა, რომ ჩვენი ქვეყანა ამ გადაწყვეტილების შედეგად მხოლოდ დაზარალდება.

რატომ გადაწყვიტა რუსეთმა 23 წლის შემდეგ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება?

“ეს ნაბიჯი უფრო რუსეთის სასოწარკვეთილების მასშტაბს აჩვენებს. პუტინი უკვე იმ მდგომარეობაშია, რომ ამ სვლაზე წავიდა, ხარჯის და სარგებლის კალკულაციის შემდეგ. მორჩილებისთვის დააჯილდოვა საქართველოს მთავრობა, ცდილობს მოიგოს საქართველოს მოქალაქეთა გულები, შეიძლება საქართველოს მოქალაქეების გამოყენება სურს სანქციების შედეგების შემსუბუქების კუთხით. სასოწარკვეთილი საერთაშორისო დამნაშავის გადაწყვეტილებას ჰგავს, რამდენიმე მიზნის მიღწევის იმედით.

ახლა რუსეთს აღარ ჰყავს მოკავშირეები, და ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც პუტინმა გადაწყვიტა ამ ნაბიჯის გადადგმა. ის ცდილობს პოტენციური მოკავშირეები მოიზიდოს, და საქართველოსაც ასეთად თვლის. ეს განპირობებულია იმით, რომ საქართველო არ შეურთდა სანქციებს გასული წლის 24 თებერვალს, აქ არის ძლიერი ანტიდასავლური პროპაგანდა, რუსული კანონის ანალოგის შემოღების მცდელობაც იყო… და რუსეთი ამის გამო მოიაზრებს საქართველოს თავის მოკავშირედ”, – ამბობს ჯაფარიძე.

ასევე ერთ-ერთი მიზეზი, ექსპერტის აზრით, შესაძლოა იყოს სანქციების შემსუბუქება. ანუ ფრენების აღდგენის შემდეგ, ის შეძლებს საკუთარი ეკონომიკის გარკვეულწილად გაზრდას.

„პუტინის გადაწყვეტილებაზე უარესი ისაა, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს 90იანი წლების და 2008 წლის ომები რუსეთთან და მოსკოვის მოტანილი უბედურება არ ახსოვთ. ჩვენ ერთი და იგივე ხაფანგში ვეგებით ყოველთვის. ბევრს ჰგონია, რომ ეს არის ნაბიჯი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებისკენ. ეს არის ტყუილი… რუკას თუ დავხედავთ, დავინახავთ, რომ რუსეთს სჭირდება გეოგრაფია. რუსეთს სჭირდება ეს ტერიტორიები მხოლოდ იმისთვის, რომ გასწვდეს ბოსფორის სრუტეს, ან ირანს, რათა გავიდეს ე.წ. „თბილ წყლებში“ – წყნარ და ინდოეთის ოკეანეებში. რუსეთი აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში გავა თუ დასუსტდდება. ეს კი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც უკრაინასთან ომში წააგებს”, – ამბობს ის.

როგორ აისახება სავიზო რეჟიმის გაუქმება და პირდაპირი ავიაფრენების აღდგენა საქართველოზე?

როგორც გია ჯაფარიძე ამბობს, გაიზრდება ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე. “სავაჭრო დამოკიდებულება დღითიდღე იზრდება. ხორბალზე ვართ დამოკიდებულნი… არ შეიძლება, რომ ამის იმედი გვქონდეს, რადგან როგორც ასე უეცრად გააუქმა სავიზო რეჟიმი, ერთ დღეს ასევე უეცრად შეუძლია კვლავ დააწესოს”.

გარდა ამისა, ჯაფარიძის აზრით, გაიზრდება საქართველოში, რუსული აგენტურა. „ყველა ტურისტი არ იქნება, ნაწილი სპეციალური სამსახურებიდანაც შეიძლება იყოს“, – ამბობს ის.

როგორ იმოქმედებს ეს საქართველოს ევროპულ მომავალზე?

„რა თქმა უნდა საქართველოს ევროინტეგრაციაზე ეს ცუდად აისახება. ფაქტია, რომ ჩვენ ქვეყანაში შემოვუშვებთ სანქცირებულ ავიაკომპანიებს. ამის შედეგად ჩვენც დაგვიწესებენ სანქციებს,“ – ამბობს ჯაფარიძე. როგორც მან დასძინა ეს შეაფერხებს კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხს.

სამცხე-ჯავახეთისა და მთლიანი საქართველოს მოსახლეობის ნაწილს რუსეთის ფედერაციაში ჰყავთ ნათესავები, იქ მიდიან სეზონურ სამუშაოებზე. მათ ხშირად უწევთ რუსეთში წასვლა. არიან ადამიანები, რომლებიც საბუთების პრობლემის გამო წლების განმავლობაში ახლობლების სანახავად ვერ მიდიოდა. აისახება თუ არა ეს ფაქტი დადებითად ამ ადამიანებზე?

“23 წელი სავიზო რეჟიმია რუსეთთან. ვისაც წასვლა უნდოდა, ამ 23 წლის განმავლობაში იპოვა გზა წასასვლელად. რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთს, თუ კერძოდ ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებზე ვისაუბრებთ, საიდანაც მოქალაქეების დიდი ნაწილი სეზონურ სამუშაოებზე რუსეთში მიდის, ახლობლების მონახულებისა და სამუშაოდ წასვლის ვარიანტი ადრეც არსებობდა. ეს არის სომხეთის გავლით წასვლა. ნინოწმინდა-ახალქალაქსა და თბილისს შორის თითქმის იგივე მანძილია, რაც ნინოწმინდა-ახალქალაქსა და ერევანს შორის. მაშასადამე, აქ მცხოვრები ხალხისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება მნიშვნელოვანი ცვლილებების მომტანი არ იქნება”, – ასკვნის ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვი-თბილისის პირველ ავიარეისს 19 მაისს ავიაკომპანია “აზიმუტი” შეასრულებს, ხოლო 20 მაისს კი თბილისიდან მოსკოვში გაფრინდება Georgian Airways -ის ბორტი. ავიაკომპანია თბილისი-მოსკოვი-თბილისის რეისებს კვირაში შვიდჯერ შეასრულებს.