ჯავახეთის პრობლემები საჯარო დისკუსიაზე – მოქალაქეობა, მიგრაცია და მიწების გადანაწილება

ჯავახეთის პრობლემები საჯარო დისკუსიაზე – მოქალაქეობა, მიგრაცია და მიწების გადანაწილება

არასამთავრობო ორგანიზაცია “სოციალური სამართლიანობის ცენტრმა”, 23 მაისს ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრში, თემაზე “დომინანტური პერსპექტივები ჯავახეთის რეგიონზე და ხმები ქვემოდან” საჯარო დისკუსია გამართა.

დისკუსიის მიზანი იყო უახლოეს ისტორიაში ჯავახეთთან დაკავშირებული გაბატონებული დისკურსებისა და პოლიტიკის კრიტიკული გააზრება და ბოლო წლებში ადგილზე დაწყებული სოციალური ცვლილებების მოხელთება.

ამ საკითხებზე მკვლევრებმა ქეთევან ეფაძემ, ანა ტივაძემ და ალის ბაქრაძემ, ასევე ადგილობრივმა აქტივისტმა, ტიგრან თარზიანმა ისაუბრეს. საკუთარ მოხსენებებში მათ ჩატარებული კვლევების შედეგები და ძირითადი მიგნებები გააზიარეს. ასევე მოისმინეს შეკრებილი აქტივისტების, ლექტორების, არასამთავრობო სექტორისა და მედიების წარმომადგენლების მოსაზრებები.

როგორც დისკუსიის მოდერატორმა, თამთა მიქელაძემ, შეხვედრის დასაწყისში აღნიშნა, ცენტრის [თბილისის] პოლიტიკური და სამოქალაქო ჯგუფები ნაკლებად ინტერესდებიან რეგიონში არსებული ნამდვილი გამოწვევებით, რომელიც უმუშევრობას, მაღალ მიგრაციას, ჩამორჩენილ სოციალურ ინფრასტრუქტურას, განათლებაზე შეზღუდულ ხელმისაწვდომობას, მიწის უსამართლო გადანაწილებას, აგვისტოს ომის შემდეგ მოქალაქეობის დაკარგვის გამო მოქალაქეობის გარეშე დარჩენილი ათი ათასზე მეტი ადამიანის ცხოვრებას უკავშირდება. ამ პირობებში პოლიტიკურ დღის წესრიგში თითქმის არ ისმის დისკუსია ამ რეგიონის გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ.

“პოსტსაბჭოთა პერიოდის დომინანტურ ქართულ ნაციონალურ ნარატივში ჯავახეთის სომხები მარგინალურ ჯგუფად განიხილებიან. ადგილობრივი მოსახლეობის მოტივები, ძირითადად, სეპარატიზმისა და ეთნიკური მობილიზაციის პრიზმაშია წარმოჩენილი და მიიჩნევა, რომ ეს ჯგუფი უპირისპირდება და ემიჯნება ქართულ ეროვნულ პროექტს, მის ეთნიკურ (1991-1995) თუ სამოქალაქო ფორმას (1995-დღემდე).” (ეფაძე და ტივაძე, 2023)

ქეთევან ეფაძემ, ჩვენთან საუბრისას ახსენა, რომ ფართომასშტაბიანი კვლევა არ ჩაუტარებიათ ჯავახეთის მთლიან მოსახლეობასთან. ისინი გაესაუბრნენ 10 ახალგაზრდას, რის შემდეგაც მივიდნენ იმ აზრამდე, რომ ადგილობრივი მოსახლეობის წარმოდგენები მოქალაქეობაზე არ შეესაბამება ცენტრის წარმოდგენებს.

დეტალურად გავრცელებული სტერეოტიპებისა და კვლევის შედეგების შესახებ ეფაძემ ჩვენთან ინტერვიუში ისაუბრა.

Radio NOR · ქეთევან ეფაძე კვლევის შედეგებისა და გავრცელებული სტერეოტიპების შესახებ

როგორც მკვლევარმა ბოლოს დასძინა, სტერეოტიპების გამოყენებით მანიპულაციისა ძირითადი მიზანი არის ის, რომ ხალხის მართვა უფრო ადვილი გახდეს. “როდესაც საზოგადოების წევრები გაიშულები არიან ერთმანეთისგან და არ აქვთ სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ, ისინი უფრო ადვილად კონტროლირებადნი არიან, ვიდრე მაშინ, როდესაც მათ საერთო ინტერესები ამოძრავებთ და ერთად არიან შეკრულნი”, – ამბობს ის.