ნინოწმინდაში ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე განახლდა ბერი გაბრიელის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესიის მშენებლობა. 2017 წლიდან ეს ტერიტორია ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიას გადაეცა გამოსაყენებლად.
2018 წლის 6 ივლისს მართლმადიდებლური ეკლესიის ტერიტორია აკურთხეს. აქ აშენდება ბერი გაბრიელის სახელობის გუმბათოვანი ეკლესია. ის, თუ როდის დასრულდება მშენებლობა, ჯერ უცნობია, რადგან პროცესი პირდაპირ არის დამოკიდებული რესურსებზე, რომლებიც შემოწირულობებით გროვდება.
ამ 5 წლის განმავლობაში, ჯერ მხოლოდ საძირკველია ჩაყრილი, წელს კი მშენებლობა გაგრძელდება და კედლებს ააშენებენ.
უფრო დეტალურად ამის შესახებ გავიგეთ დედა იოანასგან, ნინოწმინდის ქალთა მონასტრის მონაზვნისგან.
მამა გაბრიელის საფლავზე დღემდე მრავალი სასწაულებრივი განკურნება ხდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოიცა წიგნები რამდენიმე ენაზე ბერი გაბრიელის მოძღვრების, ცხოვრების, მოღვაწეობისა და სასწაულებრივი განკურნებების შესახებ.
არქიმანდრიტი გაბრიელი, (გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე), დაიბადა 1929 წლის 26 აგვისტოს, ქ. თბილისში. გოდერძი ბავშვობაში მოინათლა ნავთლუღის რაიონის წმინდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძარში. გოდერძის ნათლია იყო ყოფილი „მოწყალების და“ თამარა ბეგიაშვილი. იმ დროს საქართველოში კომუნისტური რეჟიმი ბატონობდა; იდევნებოდა რელიგია; ანგრევდნენ ან ხურავდნენ ტაძრებს; უდანაშაულოდ კლავდნენ და ასახლებდნენ მოსახლეობას. გოდერძი დაახლოებით ორი წლის იყო, როცა მამამისი, ვასილი ურგებაძე გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს. ოჯახის წევრები, შვილს, მამის პატივსაცემად, ვასიკოს ეძახდნენ.
თანამედროვე თაობისთვის ძნელი წარმოსადგენია, რა გამბედაობა ჰქონდა ახალგაზრდა ბერ გაბრიელს, როდესაც მან განსაცვიფრებელი და უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა კომუნისტური სისტემის წინააღმდეგ: 1965 წლის 1 მაისს, საკრებულოს წინ გამართულ დემონსტრაციაზე, მინისტრების საბჭოს წინაშე, მან დაწვა ლენინის უზარმაზარი პორტრეტი. შეძრწუნებული ხალხის წინაშე ბერი თამამად ქადაგებდა:
– ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ადამიანს არ უნდა სცე თაყვანი. იქ, ლენინის პორტრეტის ადგილას, უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა. რატომ წერთ: „დიდება ლენინს“, ასეთი დიდება ადამიანს არ სჭირდება. უნდა დავწეროთ: „დიდება უფალ იესო ქრისტეს, რომელმაც დაამარცხა სიკვდილი და მოგვცა საუკუნო სიცოცხლე“.
მამა გაბრიელი ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე სარგებლობდა სახალხო თაყვანისმცემლობით, შეიძინა ნათელმხილველობისა და სასწაულების ნიჭი. 2012 წლის 24 დეკემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) წმინდანთა შორის მეუფის წოდებით იქნა განდიდებული. ეს მოხდა მისი გარდაცვალებიდან წარმოუდგენლად მოკლე დროში, ჩვიდმეტი წლის შემდეგ.