ახალგაზრდა ქალის მიერ დაფუძნებული სოციალური საწარმო /ვიდეო

ახალგაზრდა ქალის მიერ დაფუძნებული სოციალური საწარმო /ვიდეო

29 წლის ნაირა ჰოვანესიანი მართავს სოციალურ საწარმოს სოფელ ეშტიაში.

ნაირა ერთ-ერთი იმ ქალთაგანია, ვინც გაბედა ნულიდან ბიზნესის წამოწყება, რამაც არამარტო შემოსავალი მოუტანა, არამედ სოფელში სამუშაო ადგილები შექმნა იმ ქალებისთვის, რომლებსაც არ აქვთ უმაღლესი განათლება და სამსახურის შოვნის შესაძლებლობა.

ეს ქაღალდის ხელსახოცების პირველი წარმოებაა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. „ბიზნესის დაწყების იდეა ჩემს ქმარს და მის ძმას, ერანოსიანებს ეკუთვნით. როცა სოფელში ხელსახოცების წარმოებაზე საუბრობდნენ, მე მხოლოდ გვერდიდან ვუსმენდი. ამის შემდეგ ისე გამოვიდა, რომ “თრფანჯიანის” ფონდის ტრენინგებში მე მივიღე მონაწილეობა და ჩემთვის ძალიან საინტერესოც აღმოჩნდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ საქმეს მე გავუძღვები მეუღლის დახმარებით“, – ამბობს ნაირა ჰოვანესიანი.

ხელსახოცების წარმოების ბიზნესი სოფლის თემის განვითარების პროგრამა „თრფანჯიანის“ ფარგლებში დაიწყო, 50% მათი მხრიდან, ხოლო 50% ნაირას ინვესტიციით.

“ბიზნესი კარგად დაიწყო, მხოლოდ კორონავირუსის პანდემიამ შეგვიქმნა პრობლემები. წარმოებისთვის ნედლეულს საქართველოში ვყიდულობდით, თუმცა პანდემიის გამო ეს საწარმოები დაიხურა და ახლა მასალებს თურქეთიდან ვუკვეთავთ.

2021 წელს ნაირამ მონაწილეობა მიიღო CENN-ის მიერ ორგანიზებულ სოციალური და მწვანე მეწარმეობის საგრანტო კონკურსში. “ჩემთვის ცოტა რთული იყო მონაწილეობა ქართული ენის არცოდნის გამო, რადგან მე თვითონ სომხეთიდან ვარ. მაგრამ ჩემი გუნდი გვერდში მედგა და ჩვენ შევძელით პროექტის დაწერა და მისი მოგებაც” – ამბობს ნაირა.

ქარხანაში აწარმოებენ ხელსახოცს, ტუალეტის ქაღალდს, სამზარეულოს ქაღალდს, კოსმეტიკურ და ესთეტიკურ ხელსახოცს.

“იმის გამო, რომ პირველ ეტაპზე არ გვქონდა შტრიხკოდი, სუპერმარკეტები ჩვენს პროდუქციას ვერ იბარებდნენ. მაგრამ ახლა ეს პრობლემა მოვაგვარეთ და ვცდილობთ უფრო მეტად გავზარდოთ მასშტაბები. ამჟამად პროდუქციის რეალიზება ხდება ნინოწმინდის, ახალქალაქისა და წალკის მაღაზიებში.

მე, როგორც ქალი, არასოდეს დავმდგარვარ გენდერული უთანასწორობის პრობლემის წინაშე, რადგან მეუღლე ყოველთვის მხარში მედგა და მეხმარებოდა ყველა საკითხში.

ზემოთაღნიშნული კონკურსის შემდეგ ნაირამ ტრადიციული ბიზნესი სოციალურ მეწარმეობად გადააქცია, რომლის მისიაც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის შექმნასა და სოფელში მცხოვრები ქალების დასაქმებაში მდგომარეობს. ამჟამად საწარმოში 5 ქალი მუშაობს. ესენი ის ქალები არიან, ვისაც არ აქვს მიღებული უმაღლესი განათლება, ვისაც არ უნდა სოფლის მეურნეობით დაკავება, თუმცა სურს მუშაობა.

მომავალში ნაირა აპირებს საწარმოს გაფართოებას და უფრო მეტი ქალის საზოგადოებაში ინტეგრირებას. “როდესაც ახალად ჩამოვედი საქართველოში, ძალიან გამიჭირდა ახალ საზოგადოებაში ადაპტირება. ახლა კი დადგა დრო, რომ ქალებმა შეძლონ საზოგადოებაში ინტეგრაცია და საკუთარი პრობლემების მოგვარება. ამისათვის კი ჩვენ, სოციალური საწარმო “Family” ყველანაირად ხელს შევუწყობთ” – განაცხადა საწარმოს ხელმძღვანელმა, ნაირა ჰოვანესიანმა