ყოველი ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც მან უნდა აირჩიოს გზა, რომლის გავლაც სურს, მისი მომავალი პროფესია.
უფროს კლასებსა და სკოლის დამთავრების შემდეგ აბიტურიენტები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხის წინაშე დგებიან. რა პროფესია აირჩიონ? დღეს სპეციალობების დიდ არჩევანს გვთავაზობს სამყარო, მაგრამ მათი რაოდენობის ზრდასთან ერთად იზრდება ახალგაზრდების გაურკვევლობაც.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ბოლო წლებში იმატა იმ სტუდენტების რაოდენობამ, ვისაც არჩეული სპეციალობის/ფაკულტეტის შეცვლა უნდა უნივერსიტეტებში. ეს გამოწვეულია მრავალი გარე და შინაგანი ფაქტორით, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანზე. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, თუ რა ფაქტორებია ეს და როგორ მოქმედებენ ისინი აბიტურიენტებზე.
ლიანა ხმალაძე ნინოწმინდიდან და ახალქალაქიდან ქრისტინე ოქროიანი იმ სტუდენტებს შორის არიან, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან ჩამოყალიბებულნი პროფესიის არჩევის საკითხში. ლიანა ამჟამად ანგლისტიკის ფაკულტეტზე სწავლობს, თუმცა სპეციალობის შეცვლა სურს. ”უნივერსიტეტში ჩაბარებისას არ მესმოდა, რისი გაკეთება მინდოდა მომავალში და ავირჩიე პროფესია, რომელიც სხვებმა მირჩიეს.”
ქრისტინე ამ ეტაპზე სწავლობს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ კოლეჯში კომპიუტერული ტექნოლოგიების განხრით. მან საკუთარი თავი გამოცადა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის მედიასა და ლინგვისტიკაში. „თავიდან მინდოდა იურიდიულზე ჩაბარება, მაგრამ დროის განმავლობაში მივხვდი, რომ ეს არ იყო ის პროფესია, რომელიც მე მჭირდებოდა. ახლა მომავალ პროფესიად სამს მოვიაზრებ. ესენია: ჟურნალისტიკა, კომპიუტერული ტექნოლოგიები და თარჯიმნობა“. როგორც ქრისტინე ამბობს, აბიტურიენტებმა პროფესიის არჩევისას უნდა იხელმძღვანელონ იმით, თუ რა მოსწონთ მათ, რა აინტერესებთ მათ ყველაზე ძალიან და რისი გაკეთება შეუძლია. “არ უნდა ავირჩიოთ გარშემო მყოფი ხალხის მიერ შერჩეული პროფესია”.
თსუ-ს ფსიქოლოგიის სტუდენტის, გოჰარ აღჯოიანის თქმით, ამ პრობლემის წინაშე ყველა სტუდენტი დგას. „მე თვითონ მომიწია ამის გავლა. ბავშვობიდან ყველა მეუბნებოდა, რომ კარგი მასწავლებელი ვიქნებოდი და მე თვითონაც მჯეროდა ამის. თუმცა, როცა მოსამზადებელ (ნულოვან) კურსზე ვსწავლობდი, მივხვდი, რომ სულ სხვა ინტერესები მქონდა და ჩემს შინაგან ხმას მოვუსმინე და შემდეგ, მომავალ პროფესიად ფსიქოლოგია ავირჩიე“, – ამბობს გოჰარი.
კითხვაზე, თუ რატომ ვერ ყალიბდებიან სტუდენტები და აბიტურიენტები მომავალი პროფესიის არჩევის საკითხში, გოჰარმა გვიპასუხა, რომ ამას ბევრი ფაქტორი იწვევს.
უფროსების რჩევები
ძალიან ხშირად ზრდასრული, უფრო გამოცდილი თაობა სტუდენტებს ურჩევს აირჩიონ ესა თუ ის პროფესია. ნინოწმინდის და ზოგადად ჯავახეთის შემთხვევაში ეს ძირითადად მასწავლებლის, ექიმის, ბანკირისა და სხვა პროფესიებია. და ძალიან ხშირად, სტუდენტის ნაცვლად, პროფესიის არჩევას მშობლები წყვეტენ.
მემკვიდრეობითი პროფესია
ბევრი მიჰყვება მშობლების კვალს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მათ ეს არ მოსწონთ და არ სურთ ამ საქმის კეთება. თუმცა ისევ გარე გავლენის გამო ირჩევენ მშობლების პროფესიას.
“არ ვიცი რა მომწონს”
მოსწავლეების დიდ ნაწილმა არ იცის თუ რისი კეთება უნდა მომავალში. ვერ იაზრებს, თუ რა მოსწონს მას. ამას თავისი ძალიან სერიოზული მიზეზები აქვს. ეს დამოკიდებულია განათლების ხარისხზე ან სხვა სოციალურ პირობებზე. მაგალითად, ტრანსპორტის პრობლემების გამო ბევრი ვერ ტოვებს სოფლებს, ამიტომ ვერ მონაწილეობს მიმდინარე შეხვედრებში, ტრენინგებში სხვადასხვა მიმართულებით. თუმცა, ამაში სკოლები კვლავ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.
მაგალითად, ბევრ ქვეყანაში საგანმანათლებლო სისტემა მიმართულია რეალური ცხოვრებისთვის მომზადებაზე. სტუდენტები მუშაობენ პრაქტიკული პრობლემების გადაჭრაზე და სწავლობენ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. ბრიტანულ სკოლებს აქვთ ინდივიდუალური, სოციალური და ჯანმრთელობის განათლების პროგრამა. ევროპაში სკოლებში განათლება ეფუძნება ინდივიდუალურ მიდგომას. სტუდენტები ეცნობიან ყველა დისციპლინას, შემდეგ კი ირჩევენ მომავალი სპეციალობისთვის აუცილებელ საგნებს. მეცადინეობები ტარდება 12-15 კაციან მცირე ჯგუფებში, რათა ყველას ჰქონდეს დრო, ისწავლოს თემა. მასწავლებლები ხდებიან სტუდენტების მენტორები და ეხმარებიან კარიერული და ცხოვრებისეული მიზნების განსაზღვრაში.
პრესტიჟული პროფესია
“ბევრი სთავაზობს მომავალ სტუდენტებს იმ მომენტში მოთხოვნად პროფესიებს, თუმცა ვერ ხვდებიან, რომ ეს პროფესია შეიძლება საერთოდ გაქრეს ერთ ან 2-3 წელიწადში.
ვფიქრობ, ყველა ადამიანმა თვითონ უნდა აირჩიოს თავისი მომავალი. სხვისი აზრისა და რჩევის გათვალისწინება ზოგჯერ საჭიროა, მაგრამ გადაწყვეტილებები თავად უნდა მივიღოთ“, – ამბობს გოჰარი.