ივლისის ბოლოს ბევრმა სტუდენტმა უნივერსიტეტი დაამთავრა. წელს, არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 30 000-მდე კურსდამთავრებულს აქვს დიპლომი აღებული. მაგრამ სავალდებულოა თუ არა ნანატრი საბუთის მიღება?
უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთათვის ადვილი არ არის საკუთარი სპეციალობით დასაქმება. გასაუბრებაზე დამსაქმებლებს ბოლო პერიოდში უფრო სამუშაო გამოცდილება აინტერესებთ და არა დიპლომის არსებობა. თუმცა, საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებები მაინც ითხოვენ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს.
ნინოწმინდაში სულ უფრო მეტი ახალგაზრდა მიისწრაფვის უმაღლესი განათლების მიღებისკენ. ზოგიერთ ოჯახში უმაღლესი განათლების შესახებ დიპლომის აღება სავალდებულოც არის.
ამიერკავკასიის ქვეყნებში ხალხს სპეციფიკური მენტალიტეტი აქვს. ადამიანები დიდ ყურადღებას აქცევენ სხვების ნათქვამს. უმაღლესი განათლებაც მიღებაც ძირითადად ამის საფუძველზე ხდება. „ჩვენთან, ძირითადად, პროფესიას მისი პრესტიჟიდან გამომდინარე ირჩევენ, რასაც ნაცნობები ან ახლობლები ირჩევენ, მაგრამ ყურადღებას არ აქცევენ იმას, თუ რა სჭირდება რეგიონს. მაგალითად, გვჭირდება აგრონომები, ვეტერინარები, ინჟინრები, არქიტექტორები, კვების ტექნოლოგები, მაგრამ ამ სპეციალობების შესწავლა არავის უნდა. თუმცა ახალგაზრდებს ურჩევნიათ ისწავლონ ენები, მედიცინა, პედაგოგიკა, საბანკო საქმე და ა.შ., მაგრამ დაბრუნების შემდეგ ვერ პოულობენ სამუშაოს ამ სპეციალობით, რადგან ამ პოზიციებზე ადგილი აღარ არის ხოლმე“, – ამბობს ნინოწმინდის ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორი ირინა კარსლიანი.
ნინოწმინდის მაცხოვრებელი, არმან ქოსიანის თქმით, იმის გამო, რომ ახალგაზრდები ადგილზე სამუშაოს ვერ პოულობენ, იძულებულნი არიან გადავიდნენ დიდ ქალაქებში ან სამუშაოდ სხვა ქვეყნებში წავიდნენ.
ნინოწმინდაში ბევრი იღებს დიპლომს, მაგრამ არ იყენებს დანიშნულებისამებრ. „არის შემთხვევები, როცა დიპლომს იღებენ იმისათვის, რომ ნაცნობებმა გაიგონ, რომ მათ ის გააჩნიათ. შემდეგ კი ქორწინდებიან, ან რაიმე ხელობას სწავლობენ, რადგან ჯერ ერთი, მათი პროფესია არ არის ის, რაც მათ მოსწონთ და მეორეც, ახალგაზრდები აქ სხვა სამუშაოს ვერ პოულობენ“, – ამბობს ირინა.
უმაღლესი განათლების დიპლომის მნიშვნელობაზე დაწვრილებით ვესაუბრეთ ჯავახეთის მოსახლეობას.