მრგვალი ტბის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება

მრგვალი ტბის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება

მრგვალი ტბა ნინოწმინდის ერთ-ერთი დასასვენებელი ადგილია. თუმცა დღეს ნაგვისა და უსიამოვნო სუნის გამო ტბასთან დგომა შეუძლებელია.

მრგვალ ტბაში წყლის დონემ დაიწია და ამასთან ერთად, ადრე წყლის ქვეშ მყოფი ნაგავი გამოჩნდა. მოსახლეობა ხშირად ასუფთავებდა ტბას, თუმცა ნაგვის პრობლემა როგორც ჩანს გადაუჭრელი რჩება. ნაპირზე და ტბაში მიმოფანტულია ენერგეტიკული სასმელების ბოთლები, პლასტმასის ბოთლები, ჭურჭლის ნამსხვრევები, ჩიფსების, ნაყინისა და მზესუმზირის პარკები და ა.შ. ეს ყველაფერი ქმნის ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც ტბაში ჩადის და აბინძურებს მას.

გარდა ამისა, ტბაში წყლის დონე იკლებს. ჩნდება კუნძულები, რომლებიც ადრე წყლის ქვეშ არ ჩანდა. მოსახლეობა ამბობს, რომ ეს ან ამინდის გამოა, ან იმის გამო, რომ ზოგიერთი მოსახლე წყალს მინდვრების მორწყვისთვის იყენებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ტბაში არსებული წყალი ამჟამად გამოუსადეგარია მინდვრების მოსარწყავად, რადგან ის ძალიან არის დაბინძურებული ქიმიური ნივთიერებებით.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში რამდენიმე თვის წინ მრგვალი ტბის კეთილმოწყობის პროექტი განიხილეს, რომელიც წყლის გაწმენდასაც მოიცავდა. თუმცა, ამ დროისთვის პროექტის შედგენის კონკურსი არ გამოცხადებულა.