ნინოწმინდის ახალგაზრდები მერიაში განაცხადის შესატანად ხელმოწერებს აგროვებენ

ნინოწმინდის ახალგაზრდები მერიაში განაცხადის შესატანად ხელმოწერებს აგროვებენ

ნინოწმინდის ახალგაზრდები უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ბიუჯეტირებისა და მნიშვნელოვანი თემების ადვოკატირებაზე მუშაობენ. ამჯერად თემა იყო ადგილობრივი სტუდენტების სტიპენდიებისთვის თანხის გამოყოფა 2023 წლის ბიუჯეტში.

სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის პროგრამა “თანამონაწილეობითი ბიუჯეტირება მოქალაქეების ინტერესებში” ფარგლებში, ახალგაზრდები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების მეთოდებს განიხილავენ. მათ უნდათ ამ პრობლემების მოგვარება ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით.

ამ პროექტის ფარგლებში ქალაქის მერთან უკვე იყო ჩატარებული შეხვედრა-დისკუსია ახალგაზრდულ ინიციატივებთან დაკავშირებით. დღეს ასეთი შეხვედრა ჩატარდა ახალგაზრდების განათლების თემაზე. ნინოწმინდელ ახალგაზრდებს სურთ, რომ მერიამ მათი ინტერესები გაითვალისწინოს და მომავალი წლის ბიუჯეტში კონკრეტული პროექტები შეიტანოს.

დღეს დისკუსიაზე განიხილეს საქართველოს უნივერსიტეტებში მსწავლები ადგილობრივი სტუდენტებისთვის სტიპენდიების თემა. დისკუსიას ესწრებოდნენ ნინოწმინდელი სტუდენტები და აბიტურიენტები, ასევე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი. მათ მერიის მიერ სტიპენდიების გაცემის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

რას ითხოვდნენ სტუდენტები?

სტუდენტების სიტყვებით, მერიისგან დაფინანსება კარგი გადაწყვეტილება იქნებოდა, რადგან ბევრ ადგილობრივ სტუდენტს ეკონომიკური პრობლემები აქვს, რაც ხშირად შეუძლებელს ხდის სწავლისა და ბინის ქირის გადახდას.

ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ ეს მათთვის კარგი მოტივაცია შეიძლება იყოს. ვინაიდან არიან აბიტურიენტები, რომლებიც საზღვარგარეთ მიდიან სასწავლებლად და მათი თქმით, დამატებითი დაფინანსება შეიძლება იყოს მათთვის საქართველოში დარჩენისა და სწავლის, ასევე მაღალი აკადემიური მოსწრების სტიმული.

რა შესთავაზა მათ მერმა?

ქალაქის მერმა ანივარდ მოსოიანმა, მოისმინა ახალგაზრდების ინიციატივა, შეავსო იგი საკუთარი იდეებით და დისკუსიის მონაწილეებს შესთავაზა მერიაში განაცხადის შეტანა, სადაც მათი იდეა დეტალურად იქნება აღწერილი და თან ახლდება დაინტერესებული ახალგაზრდების ხელმოწერები.

ახალგაზრდა სტუდენტებმა შეხვედრებზე განსახილველად განაცხადი 13 სექტემბრამდე უნდა წარადგინონ. მერის თქმით, იდეები შესაბამისმა პირებმაც (მერიის განათლების განყოფილებამ) უნდა განიხილონ და მომავალი წლის ბიუჯეტის გათვალისწინებით გააგრძელონ მისი დამუშავება.

„ძალიან მოხარული ვიქნები, თუ ჩვენს იდეაა განიხილავენ და ბიუჯეტში შეიტანენ და ჩვენ, ჩვენი მხრიდან, ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის.” – ამბობს ერთ-ერთი მონაწილე, ელიზაბეტ სარაული.

აღსანიშნავია, რომ ახლა ახალგაზრდები ხელმოწერებს აგროვებენ, რათა მერიაში განცხადება განსახილველად წარადგინონ. ისინი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ამ საკითხით დაინტერესების დამადასტურებელი ხელმოწერების შეგროვებაში დახმარებას სთხოვენ. ამისათვის უნდა დაუკავშირდეთ ახალგაზრდებს ან სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის ნინოწმინდის ფილიალს.

დეტალები აუდიო-მასალაში.

Radio NOR · Ниноцминдская молодёжь собирает подписи для подачи заявки в мэрию