“თბილისში სწავლა მინდა, თუმცა მიღებულ ცოდნას ჯავახეთის კეთილდღეობისთვის გამოვიყენებ” – ერიკნაზ მარკარიანი

“თბილისში სწავლა მინდა, თუმცა მიღებულ ცოდნას ჯავახეთის კეთილდღეობისთვის გამოვიყენებ” – ერიკნაზ მარკარიანი

“დიდ ქალაქში უფრო მეტი შესაძლებლობებია. თბილისში მინდა სწავლა, მაგრამ მიღებული ცოდნა ჩვენი რეგიონის განსავითარებლად მინდა გამოვიყენო.” – ერიკნაზ მარკარიანი. რატომ უნდა ახალგაზრდა გოგონას მშობლიურ ნინოწმინდაში დაბრუნება? რას აკეთებს ის თემისთვის? და რა მიზნების მიღწევა სურს?

20 წლის ერიკნაზ მარკარიანი ნინოწმინდიდანაა. ამჟამად ის სწავლობს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალციხეში, სადაც არც უფიქრია სწავლა. ერიკნაზმა ერთი წელი თბილისში, საზოგადოებრივ კოლეჯ “იმედში”, ისწავლა, რის შემდეგაც გადაწყვიტა უნივერსიტეტში ჩაბარება. “4 გამოცდა ჩავაბარე უნივერსიტეტში მოსახვედრად, რადგან ქართული გარკვეულ დონეზე ვიცოდი და არ მინდოდა მოსამზადებელ კურსზე მოვხვედრილიყავი. გავრისკე, ჩავაბარე, თუმცა მაღალი კონკურსის გამო არ მოვხვდი იქ, სადაც მე მინდოდა.” გოგონა არ დათრგუნულა ამის გამო. ის დღემდე აგრძელებს სწავლას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის განხრით.

რატომ არ ჩააბარა ერიკნაზმა, როგორც ნინოწმინდელების უმეტესობამ, მოსამზადებელ კურსზე “4+1” პროგრამით?

“კოლეჯში სწავლის პერიოდში გარკვეულ დონეზე ვისწავლე ქართული ენა. შემეძლო საუბარი, გამართულად წერა, საჭირო იყო მხოლოდ გამოცდებისთვის მომზადება. ყოველი შემთხვევისთვის ზოგადი უნარების გამოცდაც ჩავაბარე. თუმცა დავაგროვე შესაბამისი ქულები და პირველ კურსზე მოვხვდი. მართალია, რთული იყო, მაგრამ არ დავნებდი და უბრალოდ გავაგრძელე სწავლა. ახლა ვფიქობ, რომ კარგად ვფლობ ქართულ ენას.” – ამბობს ერიკნაზი.

რა არის დიდ და პატარა ქალაქში ცხოვრების ან სწავლის განსხვავება?
“ერთი წინადადებით, რომ ვთქვა, დიდ ქალაქში უფრო მეტი შესაძლებლობებია. გარდა ამისა ვფიქრობ, რომ თბილისში სწავლის შემთხვევაში უფრო კარგად და სწრაფად ვისწავლიდი ქართულს, რადგან ქართველებთან მექნებოდა კომუნიკაცია. ახლა კი მხოლოდ ლექტორებს ვესაუბრები ქართულად. განსხვავება ისიც შეიძლება იყოს, რომ როგორც თბილისში, ასევე ახალციხეშიც უნივერსიტეტში არის გარკვეული გაცვლითი პროგრამები, თუმცა ბევრმა ახალგაზრდამ აქ არ იცის ამის შესახებ. თუმცა უნდა ავღნიშნოთ ის, რომ თბილისისგან განსხვავებით სტიპენდიის მიღება აქ ადვილია, რადგან კონკურენცია შედარებით დაბალია.

ერიკნაზი ონლაინ სწავლის პერიოდში, ხელმძღვანელობდა ქართული ენის სასაუბრო კურსს ნინოწმინდაში, სადაც მოხალისეობრივად ენას ასწავლიდა 1-3 კლასების მოსწავლეებს. რატომ გადაწყვიტა მან ქართული ენის სწავლება?

“მინდოდა ის მცირედი ცოდნა, რაც მე გამაჩნდა, გადამეცა ამ ბავშვებისთვის. რამდენიმე ჯერ მთხოვეს, რომ ქართული მესწავლებინა. შემდეგ ეს ცოტა ფორმალურ გარემოში გადავიტანეთ და დავიწყეთ სამთვიანი ონლაინ კურსი. ბავშვებმა საბაზისო დონეზე ისწავლეს ენა. თითოეულ სიტყვას ხელმეორედ ვამოწმებდი ხოლმე, რომ არიმე შეცდომა არ დამეშვა გაკვეთილის დროს. ჩემთვის ეს დიდი პასუხისმგებლობა იყო. მე უნდა ჩამედო ის ფუძე, რითიც შემდგომში ისინი იხელმძღვანელებდნენ. შეიძლება ითქვას, რომ მათთან ერთად მეც ვისწავლე. მინდა, რომ მომავალი თაობა რამდენიმე წლის შემდეგ არ დადგეს იმავე ბარიერების წინ, რომლის წინაშეც ჩვენი თაობა დგას ახლა.” – ჰყვება გოგონა.

სწორედ ამის გამო ერიკნაზი სხვა ახალგაზრდებთან ერთად ჩაერთო პროექტში “ტოლერანტი”, რომლის შემდეგაც ტრენინგები ჩაუტარა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის ახალგაზრდებს. “16-25 წლამდე ახალგაზრდებს ვუტარებდი ტრენინგებს ადრეული ქორწინების, გენდერული თანასწორობის, ტოლერანტობის, ლიდერობის შესახებ. ტრენინგების შემდეგ ნინოწმინდის, ახალქალაქისა და წალკის 3 სოფელში გაიხსნა სათემო ცენტრები. მთავარი მიზანი ამისა იყო ის, რომ ახალგაზრდებმა გააცნობიერონ, რომ საკუთარი პრობლემების მოგვარება, საკუთარი თავისა და რეგიონის განვითარება მხოლოდ მათ ძალუძთ.” – ასკვნის გოგონა.

ამჟამად ერიკნაზი ეძებს უფრო მეტ შესაძლებლობებს თვითგანვითარებისა და რეგიონის კეთილდღეობისთვის.