ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ტარდება წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის უფასო ვაქცინაცია თხის და ცხვრის ყვავილის წინააღმდეგ. დაავადება საქართველოში ჯერ-ჯერობით არ არის გავრცელებელი, თუმცა სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ატარებენ.
ვაქცინაცია ტარდება ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამით, რომელიც გაგრძელდება თვის ბოლომდე. დაგეგმილია 50 000 სული პირუტყვის აცრა.
ცხვრისა და თხის ყვავილი მწვავე ვირუსული ინფექციური დაავადებაა, რომელიც მოკლე პერიოდში ვრცელდება სწრაფად, ხასიათდება კანსა და ლორწოვან გარსებზე გამონაყარით. ავადდება ყველა ჯიშისა და ასაკის ცხვარი და თხა. სიკვდილიანობამ მოზარდ ცხოველებში შესაძლოა მიაღწიოს 50%-ს. ადამიანი ცხვრისა და თხის ყვავილით არ ავადდება, თუმცა დაავადებას მოაქვს ძალიან დიდი ეკონომიური ზარალი. ყვავილის გავრცელების წყაროა ავადმყოფი და ვირუსმატარებელი ცხოველი ინკუბაციურ პერიოდში და კლინიკური გამოჯანმრთელების შემდეგ. ავადმყოფი ცხოველის ორგანიზმიდან ვირუსი გამოიყოფა ცხვირიდან და თვალიდან გამონადენებთან ერთად.
ყვავილი განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება ავადმყოფი და ჯანმრთელი ცხოველების ერთად შენახვის დროს. დაავადების გავრცელებაში გარკვეულ როლს ასრულებენ მწერები, დაავადების გადაცემა აგრეთვე შესაძლებელია მოხდეს ვირუსით დასვრილი საკვებით, მოვლის საშუალებებით, ტყავით, მატყლით და სხვა.
ამის შესახებ დეტალურად სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა, ლია ბექაურმა ისაუბრა.