ქალაქ ნინოწმინდაში უკვე მეათე დღეა, რაც მოთოვა, რასაც მოჰყვა გაყინული გზები და ტროტუარები. ქალაქის ცენტრალურ, თავისუფლების ქუჩაზე, ისევე, როგორც სხვა ქუჩებზე ფეხით გადაადგილება რთულია. მოყინული ტროტუარების გამო მოსახლეობა უკმაყოფილობას გამოხატავს. როგორც ისინი ამბობენ, ტროტუარებზე სიარული სახიფათოა, რადგან ადამიანი შეიძლება დაეცეს და ტრავმა მიიღოს.
ქალაქის ტროტუარების თოვლისა და ყინულისგან გაწმენდაზე ნინოწმინდის კომუნალური სამსახურია პასუხისმგებელი. ამასთან დაკავშირებით ორი კვირის წინ რადიო NOR-თან ინტერვიუში სამსახურის უფროსმა ანდრანიკ ბდოიანმა აღნიშნა, რომ მათ პასუხისმგებლობაშია ქალაქის ცენტრალური ქუჩა და მნიშვნელოვან ობიექტებამდე მისასვლელი გზების გაწმენდა. კითხვაზე, თუ როდის გაიწმინდება ყინულისგან ცენტრალური ქუჩა, ამავე სამსახურში კომენტარი არ გაუკეთებიათ.
სიტუაცია ქალაქ ნინოწმინდის თავისუფლების ქუჩაზე
მთავარი გზა, რომელიც ნინოწმინდას აკავშირებს სომხეთის რესპუბლიკის საზღვართან, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ იწმინდება. ქალაქის რამდენმე ქუჩის (პუშკინის, სპანდარიანის, ჰოვსეფიანის, ტერიანის, ერევნის, მარქსის, ნორაშენის დასახლებისა და საზოგადოებრივ ობიექტებამდე მისასვლელ გზებს), ასევე სოფლებამდე მისასვლელი გზების გაწმენდისთვის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიამ 150 000 ლარი გამოყო ადგილობრივი ბიუჯეტიდან. სამუშაოებს 122 000 ლარის ფარგლებში ასრულებს კომპანია “შპს გ & ვ გრუპი“.
იმის შესახებ, გაიწმინდება თუ არა ქალაქ ნინოწმინდის სხვა ქუჩები, ჩვენ მერის მოადგილეს, არმენ ბდოიანს გავესაუბრეთ.